ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთთან კონსულტაციის შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად წავიდნენ.
ოპოზიციის ლიდერები მედიასთან აცხადებენ, რომ ერთმანეთთან კოორდინაციით აგროვებენ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებას, მუშაობენ სამომავლო გეგმაზე და ქვეყნის გარეთ არჩევნების არაღიარების მიღწევაზე.
„გუშინ შედგა მნიშვნელოვანი აქცია. მოქალაქეთა უმრავლესობამ ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა ევროპული არჩევანი, ევროპულმა არჩევანმა გაიმარჯვა და ეს გამარჯვება მოჰპარა ხალხს ივანიშვილმა. არ მივანიჭებთ ამ მოპარულ არჩევნებს ლეგიტიმაციას, უარს ვამბობთ მანდატებზე, ამ ყველაფრის დასაფიქსირებლად ოპოზიციური ერთობის დემონსტრირება იყო მნიშვნელოვანი, ისევე როგორც პრეზიდენტის როლი“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.
„რამდენადაც მივხვდი, „ქოცებმა“ უარი თქვეს საერთაშორისო გამოძიებაზე, ჰო? კარგია, ყოჩაღ. ეს იმის ინდიკატორია, რომ ეშინიათ გამოძიების. ვინც უარს ამბობს, ესე იგი დასამალი აქვს, მაგრამ „არა არს დამალული, რომ არ გაცხადდეს“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ შეხვედრის დატოვების მერე.
„ქართულ ოცნებას“ ეშინია საეთაშორისო გამოძიების, კარგად იცის საშუალო რგოლმაც კი, რომ ეს არჩევნები გადაიწერა და გადაწერილი არჩევნების გამოძიება სახიფათოა, მე გამიკვირდებოდა, რომ დათანხმებოდნენ. ჩვენ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ და მოემზადოს „ოცნება“. ეს ვითარება არაა, რაც იყო 2020 წელს, ესაა რუსეთის სპეცოპერაციით გაყალბებული და გადაწერილი არჩევნები და ამაზე თანხმდება არა მხოლოდ ქართული ოპოზიცია, არამედ საერთაშორისო საზოგადოება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
პრეზიდენტი დღეს ასევე შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
„განსაკუთრებით აინტერესებდა პრეზიდენტს, თუ რა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობდა ჩვენს დამკვირვებლებზე, ზოგს ფიზიკურად, ზოგს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე აინტერესებდა ამ ყველაფერში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობაც. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ზუსტად იმიტომ დაიწყო პირადობის მოწმობებს ნომრების შეგროვება, რომ შემდგომ სხვა პირს ეს პირადობის მოწმობის ნომრები არჩევნების გაყალბებისთვის გამოეყენებინა, ასევე ვერიფიკაციის აპარატში სხვა ადამიანის მონაცემები ხელით შეჰყავდათ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების მერე ეკა გიგაურმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა.