ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ჯიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთი პატივს სცემს „ქართველი ხალხის არჩევანს“ და „მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, რათა ორმხრივი ურთიერთობები შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდეს“.
„ჩინეთი აღნიშნავს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა. ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს ყოველთვის პატივს სცემს და გულწრფელი იმედი აქვს საქართველოს სტაბილურობისა და კეთილდღეობის. ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ლინ ჯიანმა.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”.
ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე.
4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.