უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „არ წავიდეს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის ბელორუსული გზით“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა მხარს უჭერს OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს არჩევნებზე „მრავალი დარღვევის შესახებ“.
უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ „არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება“.
„უკრაინა ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, სადაც დაფიქსირდა მრავალი დარღვევა.
მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმის მიცემის არარსებობა, ოპოზიციური პარტიების მასმედიაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა – ეს მხოლოდ იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამ არჩევნებს დაამახსოვრდება.
გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შედეგებმა დიდი მოწონება დაიმსახურა რუსეთში, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზასთან, რასაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს.
არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ გაჰყვეს ბელორუსის გზას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს მათ სურვილში გააგრძელონ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების სტრატეგიული კურსი”, – ნათქვამია განცხადებაში.