მარნეულის სასამართლოს მოსამართლემ, გვანცა ჩიქოვანმა, სადახლოში საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე დაკავებულ როვშან ისკანდაროვსა და მასთან ერთად ეტიბარ ისკანდაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როვშან ისკანდაროვმა პროცესზე სიტყვის უფლებითაც ისარგებლა:
„რომ ამბობენ გაყალბებაო, მე არ მჭირდება გაყალბება, ყველამ იცის, რომ სადახლოელები, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში ვინც ცხოვრობს, 100%-ით ჩემ გვერდში არიან. მე არასოდეს ასეთი რაღაცა, მაშინ დებილია ადამიანი, თუ ასეთი რაღაც ჩაიდინა.
მეორე, ახლა […] კამერაში და ვინმე რაღაცა მონტაჟს აკეთებს და იმის გამო უშვებენ ციხეში, ესეც არ ვიცი, როგორ არის და ოღონდ მე არაფერს არ ვამბობ რა, უბრალოდ იციან, რომ აქაა ჩემი ავტორიტეტი, ამის გამო მოდიან ასეთი საქმეებით.
[…] დაგეგმილი იყო ყველაფერი, დარწმუნებული ვარ ღმერთის წინაშე და თქვენ წინაშე, მე იმედი მაქვს, ეს „ნაცმოძრაობის“ სასამართლო არაა, ესაა სამართლიანი სასამართლო და მაღლა ღმერთი და დაბლა თქვენ გენდობით“, – თქვა როვშან ისკანდაროვმა TV პირველის ეთერში გასული კომენტარის მიხედვით.
„TV პირველის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, აყენებენ თუ არა 26 ოქტომბერს გავრცელებული კადრების ავთენტურობას ეჭვქვეშ, ადვოკატი პასუხობს:
„კი ბატონო, არა მხოლოდ კადრების ავთენტურობას, სხვადასხვა საკითხია, რომელიც დამატებით კვლევას საჭიროებს“, – ამბობს ის და აცხადებს, რომ „კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ცალკე“ ჩაყრის კადრების გარდა გასარკვევია „რასთან გვქონდა საქმე“.
ადვოკატმა სხდომაზე აღნიშნა, რომ შესაძლოა არსებობდა პროცედურული დარღვევა, თუმცა არა სისხლის სამართლის დანაშაული.
საქმის პროკურორი აცხადებს, რომ წინასასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილება აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი. მისი თქმით, გადახედვის პროცესში ბრალდების მხარის პოზიცია იქნება, რომ ის დარჩეს პატიმრობაში.
წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბოლნისის სასამართლოში ჩაინიშნა.
26 ოქტომბერს სადახლოში, N69 უბნიდან გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, როვშან ისკანდაროვმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა.
შსს-მ ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი, ეტიბარ ისკანდაროვი 31 ოქტომბერს დააკავა.
მათ ბრალად არჩევნებთან დაკავშირბეული დოკუმენტების [ბიულეტენის] გაყალბება ედებათ.