აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივეს – ინფორმაცია „პუბლიკას” სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა დაუდასტურა.
სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა – პროკურატურა პროცესზე პატიმრობის გახანგრძლივებას ითხოვდა, ადვოკატის ინფორმაციით, მათ სხვა მოთხოვნა არ დაუყენებიათ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ აფგან სადიგოვის ადვოკატები ითხოვდნენ გირაოს ან პირადი თავდებობის გამოყენებას, რასაც ასაბუთებდნენ იმ გარემოებებით, რომ აზერბაიჯანში მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა უსაფუძვლოა, ექსტრადიცია კი მის დასჯას ისახავს მიზნად.
„არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს აფგან სადიგოვის გათავისუფლებისკენ, და ამასთანავე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამწუხაროდ, სასამართლომ არსებული გარემოებები სათანადოდ არ შეაფასა და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.