პრესის თავისუფლების ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ითხოვენ

პუბლიკა

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ განახორციელოს ეფექტური ზეწოლა, რათა შენარჩუნდეს პრესის თავისუფლება და უსაფრთხო და დაცული გარემო ჟურნალისტებისთვის.

განცხადების ხელმომწერი 6 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც მედიის თავისუფლების, ასევე, ორგანიზაციების გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით მუშაობენ, ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ იმ ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების გამო, რომლებიც საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს აშუქებდნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ MFRR-მ [მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირება] აღრიცხა არჩევნებთან დაკავშირებული, სულ მცირე, 30 მედიის მიმართ თავისუფლების უფლების დარღვევა, რაც 34 ჟურნალისტს შეეხო.

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ჟურნალისტები და ოპერატორები გახდნენ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლები, მათ დაუმტვრიეს კამერები. ასევე, აღნიშნავდნენ, რომ მედიის წარმომადგენლებს ეძახდნენ „უსამშობლოებს“, „აგენტებს”, „ქვეყნის მტრებს”.

განცხადებაში წერია, რომ თავდამსხმელთა უდიდესი ნაწილი ქართული ოცნების” წარმომადგენლები იყვნენ.

ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში გასაშუქებლად არ შემოუშვეს 2 უცხოელი ჟურნალისტი: რეი ბასელეი, რომელიც აეროპორტში 34 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, 20 საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას და მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ასევე, ორგანიზაციების თანახმად, საქართველოში არ შემოუშვეს შვეიცარიელი ჟურნალისტი სტეფან გოსი, რომელიც 11 საათის განმავლობაში იყო დაკავებული აეროპორტში.

არც ერთ მათგანს არ აუხსნეს, რა იყო მათი საქართველოში არშეშვების მიზეზი.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თავდასხმები და შეზღუდვები უნდა განიხილებოდეს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისთვის სიტუაციის საერთო გაუარესების კონტექსტში, როგორც ეს დოკუმენტირებულია ბოლო მისიით. მისიამ დაადგინა, რომ ჟურნალისტები მოქმედებენ უკიდურესად მტრულ წინასაარჩევნო გარემოში და ხშირად ექვემდებარებიან ცილისწამების კამპანიებს, ონლაინ თავდასხმებს და შეურაცხყოფას საჯარო მოხელეების, უცნობი პირების და მედიის სხვა თანამშრომლებისგანაც კი. მისიამ ასევე დაადგინა, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების უმეტესობა არ არის ეფექტურად გამოძიებული და დასჯილი. შედეგად, მისიამ დაადგინა, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები ასევე მიუთითებენ, რომ MFRR-მა და მისმა პარტნიორებმა არაერთხელ გაავრცელეს გამაფრთხილებელი განცხადება საქართველოში მედიისთვის მზარდ არასასურველ გარემოზე, „უცხო ქვეყნის გამჭვირვალობის კანონისა” და „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის” მიღების ჩათვლით. ასევე, ჟურნალისტების პარლამენტის შენობაში შეშვებაზე უარის თქმა, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევების მზარდი რიცხვი და თავდასხმა იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ.

განცხადებაში აღნიშნულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს მედიისთვის უსაფრთხო გარემოს გარეშე. ჟურნალისტების მუშაობა არსებითია, რათა გამოვლინდეს არასათანადო ქმედებები არჩევნებამდე და არჩევნების დროს და მოქალაქეებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიღება.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები ჟურნალისტებზე და საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა. მათ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ შემაშფოთებელი პრაქტიკა, რომლითაც უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყანაში არ უშვებენ და უზრუნველყონ, რომ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მოქმედი ყველა კანონმდებლობა სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა საქართველოზე პრესის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის“.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • International Press Institute (IPI)
  • European Centre for Press and Media Freedom (ECPMF)
  • ARTICLE 19 Europe
  • The European Federation of Journalists (EFJ)
  • OBC Transeuropa (OBCT)
  • Free Press Unlimited (FPU)