„თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები! თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოეპარათ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს, თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცემთ!“, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს 28 ოქტომბერს.
„არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს“ – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ორ დღეში საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ ამ საერთო პოზიციის დასაფიქსირებლად შეიკრიბნენ.
„დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების, ახლა დროა, ძალიან წყნარად, ძალიან შემართებით, მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი ხმა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
„მინდა გთხოვოთ, თუ არ აღიარებთ ამ არჩევნებს, ხელი აწიეთ, ეს არის ნამდვილი დასტური და ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია დღეიდან თქვენ გაქვთ და არა ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლება არის თქვენი და არა „ქართული ოცნების“, ხელისუფლება არის ჩვენი და მივდივართ ევროპისკენ, არც ერთ შემთხვევაში არ დავთმობთ ამას“, – მიმართა აქციაზე მყოფთ გიორგი ვაშაძემ, კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა.
სცენაზე სიტყვით გამოსვლისას ბარიერგადალახულმა პარტიებმა საზოგადოების წინაშე განაცხადეს, რომ – არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, არ შედიან პარლამენტში, ითხოვენ გამოძიებასა და ხელახალ არჩევნებს.