„წინასწარ არ ვამბობთ რას ვიზამთ, ჯერ მოგვმართონ“ - პაპუაშვილი ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ წინასწარ არ იტყვის, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„ჩვენ წინასწარ არ ვსაუბრობთ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მომავალშია მისაღები. ვნახოთ ჯერ რას გააკეთებს თავად ოპოზიცია“, – თქვა პაპუაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მას შემდეგ რაც შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდება, არაუგვიანეს მეათე დღისა პარლამენტი შეიკრიბება. საჭიროა სხდომას 76 დეპუტატი ესწრებოდეს, „ქართულ ოცნებას“ კი, ცესკოს მონაცემებით, 89 მანდატი აქვს. შესაბამისად, პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი შეიკრიბება და ცნობს 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას.

კითხვაზე, თუ რაზეა დამოკიდებული მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, შეუნარჩუნებს თუ გაუქმებს ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს, პაპუაშვილი პასუხობს – “ჩვენ ნებაზე, პარლამენტის თითოეული წევრის ნებაზე, რომელმაც ღილაკი უნდა მიაჭიროს იმ თითს, ხოლო ჩვენი ნება დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე“.

მისივე განცხადებით, საინტერესოა საერთოდ მიმართავს თუ არა ოპოზიცია ასეთი მოთხოვნით პარლამენტს.

„წინასწარ არ ვამბობთ რას ვიზამთ, ვნახოთ. გამოდის რომ, ჯერ მოგვმართონ, ჯერ მოგვმართონ და ნახავენ გადაწყვეტილება რაც იქნება ამის, მოგვმართონ ჯერ, წინასწარ არ ვეუბნები რა გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ მოგვმართონ, ესეც საინტერესოა საერთოდ მოგვმართავენ თუ არა, რა იმედით მოგვმართავენ, თუ იმის იმედი ექნებათ, რომ არ შევუწყვეტთ და მერე რას აღმოაჩენენ, რომ შევუწყვეტთ თუ არ შევუწყვეტთ, ვნახოთ რას გააკეთებენ, წინასწარ რატომ უნდა ვუთხრათ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ და მათ კიდევ გავუადვილოთ თავისი დაგეგმვა“, – ამბობს პაპუაშვილი.

კანონის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე ან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების მიღებისთანავე. დეპუტატისთვის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე უნდა გადაწყდეს. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

პარლამენტი პარლამენტის წევრს უფლებამოსილებას ვადამდე შეუწყვეტს, თუ:

  • არსებობს პარლამენტის წევრის პირადი განცხადება უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე;
  • მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
  • სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
  • დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
  • დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
  • არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის (სასესიო და საკომიტეტო) მუშაობაში;
  • გარდაიცვალა.