„სჭირდება 100 ხმა“ - „ოცნებაში“ განმარტეს, რატომ არ შეიტანეს საკონსტიტუციოში იმპიჩმენტის წარდგინება

პუბლიკა

პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” წარდგინება საკონსტიტუციოში არ შესულა.

პარლამენტის პრესსამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ „ოცნებას“ იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა არ აქვს, ამიტომ წარდგინება აღარ შეიტანეს.

კანონის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ეს ქმედება მისი იმპიჩმენტის საფუძველია, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტს 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ცესკოს წინასწარი მონაცემით, „ოცნებას“ 89 მანდატი აქვს.

„[უმრავლესობამ სარჩელი] გამოითხოვა იმ მიზეზით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა.

[იმპიჩმენტის წინა პროცედურის დროს] წინაზე იყო ისეთი მდგომარეობა, რომ პარლამენტი ფუნქციონირებდა, შესაძლებელი იყო, რომ ოპოზიციასაც მიეცა ხმა. ამ შემთხვევაში, ჯერ არ ვიცით, რა ხდება, შესაბამისად, სჭირდება 100 ხმა და ამიტომ გამოვიხმეთ უკან“, – გვითხრა პრესსამსახურმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” სარჩელი საკონსტიტუციოში არ შესულა.

ეს „პუბლიკას” საკონსტიტუციო სასამართლოში უთხრეს.

„სარჩელი ჩვენამდე არ მოსულა და არ დარეგისტრირებულა”. – გვითხრეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხელახლა აღძრავდნენ და წარდგინებას სასამართლოში არჩევნებამდე შეიტანდნენ.

„საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება”, – აცხადებდა პაპუაშვილი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში განხორციელდებოდა. სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დაახლოებით დეკემბრის ბოლოს ეწურება.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 2023 წელსაც დაიწყო. მიზეზი ევროპის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტები იყო.

იმავე წლის 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და იმპიჩმენტზე მმართველი გუნდის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის გადაყენება ვერ შეძლო, რადგან იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 86 დეპუტატმა მისცა, საჭირო კი 100 დეპუტატის ხმა იყო.