ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებით ეხმაურება სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმის“ მოთხოვნას, დაიწყოს გამოძიება ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მისი მოადგილის, გიორგი შარაბიძისა და ცესკოს მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
„ჩემი ხმა“ ამბობს, რომ „მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის განხორციელებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა“.
ცესკოს თქმით, საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები, მათ შორის ზოგიერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები „დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ამჯერად, ცესკოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და ირწმუნებიან, თითქოს მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს“.
„გრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია. დაინტერესებული მხარეები უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობენ, შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით.
მას შემდეგ რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ პასუხი გასცა ყველა იმ მანიპულაციურ ინფორმაციასა თუ ბრალდებას, რაც საარჩევნო პროცესთან მიმართებაში არჩევნების დღიდან ამ დრომდე გაჟღერდა, დაინტერესებული მხარეები კონკრეტული პერსონების ბრალეულობაზე იწყებენ საუბარს.
საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები, მათ შორის ზოგიერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დაუსაბუთებელი ბრალდებებით ამჯერად ცესკოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და ირწმუნებიან, თითქოს მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამ კამპანიაში ჩართული სადამკვირვებლო ორგანიზაციები მხოლოდ ზეპირსიტყვიერი, უსაფუძვლო ბრალდებებით შემოიფარგლებიან და ინფორმაციით მანიპულირებენ“, – აცხადებს ცესკო.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, წარუდგინონ თავიანთი მტკიცებულებები შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.
„მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამტკიცებს რაიმე სახის გადაცდომას, წარუდგინონ თავიანთი მტკიცებულებები შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. ამის გაკეთება არა მხოლოდ საფუძვლიანი შემოწმების საშუალებას იძლევა, არამედ პატივს სცემს სამართლებრივ და დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც დაწესებულია ამგვარი პრეტენზიების განსახილველად.
ასეთი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, ამ ბრალდებების ავტორთა მიზნები საეჭვო ხდება. დასაბუთების გარეშე, ეს პრეტენზიები საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის შელახვის საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, უსაფუძვლო ბრალდებები შეიძლება ემსახურებოდეს პოლიტიკურ ინტერესებს, რომლის მიზანსაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებზე უსამართლო ზეწოლა წარმოადგენს.
თუ მიზანი ნამდვილად არის დემოკრატიული პრინციპების დაცვა, მაშინ პრიორიტეტი უნდა იყოს გამჭვირვალობა, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა და სათანადო პროცესის პატივისცემა. საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება ღია და ერთგული ნებისმიერი ჭეშმარიტი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოძიების მიმართ და თვლის, რომ შეცდომაში შეყვანისა და დისკრედიტაციის მცდელობები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან და სამართლიანი არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია განცხადებაში.
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ ლონდა თოლორაიამ 4 ნოემბერს გააკეთა.
„ჩემი ხმა“ მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ცესკოს წარმომადგენელთა მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
როგორც „ჩემ ხმაში” აღნიშნავენ, ცესკოს თავმჯდომარე არ რეაგირებდა დარღვევებზე და არც კომისიის წევრებს და შესაბამის სამსახურებს მოუწოდებდა რეაგირებისკენ.
სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, აღნიშნული აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ცესკოსთვის მისაღები იყო საარჩევნო უბნებზე განვითარებული მოვლენები.