ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” მუნიციპალურმა ინსპექციამ ბანერის გადმოფენისთვის 1 500 ლარით დააჯარიმა. როგორც ორგანიზაციაში „პუბლიკას” ეუბნებიან, ინსპექციამ განუცხადა, რომ მათ განთავსებული აქვთ „უკანონო რეკლამა”.
„ჩვენი ორგანიზაცია არის „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის”, ჩვენი ოფისის აივანზე გვაქვს გადმოფენილი ნაჭერზე წარწერა: „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა”, ამ შინაარსის, არ არის დაზიანებული არც ფასადი, არაფერი. ამის გამო, ზედამხედველობის სამსახური მოვიდა და პირდაპირ დაგვიწერა 1500-ლარიანი ჯარიმა და ეს დააიდენტიფიცირა, რომ თითქოსდა ჩვენ განთავსებული გვაქვს უკანონო რეკლამა. წარმოუდგენელია, რას უნდა ვარეკლამებდეთ, საპროტესტოა.
ჩვენ განვუმარტეთ მათ, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ იმ უამრავ გაყალბებულ ფაქტს და ასევე ვართ „ჩემი ხმა” კოალიციის წევრი და ბევრი ფაქტი თავად გვაქვს მოძიებული გაყალბების, შესაბამისად, ვაპროტესტებთ ამ არჩევნების მოპარვას და ეს იყო ჩვენი პროტესტის ფორმა, ამისთვის დაგვაჯარიმა მუნიციპალური ზედმახედველობის სამსახურმა. დაიმუქრეს, რომ ხვალ კიდევ მოვალთ და 3 000-ს დაგიწერთო”, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ოთარ რევიშვილმა.
მისი თქმით, ინსპექციამ ჯარიმა გამოწერა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევას.