ქუთაისის სააპელაცო სასამართლოში საიას და „ჩემი ხმის“ სარჩელის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მამაა.
ელექტრონული უბნების ბათილობაზე საქმის განხილვა 16:00-ზეა ჩანიშნული და მას მოსამართლეები შოთა სირაძე და ხათუნა ხომერიკი განიხილავენ.
შოთა სირაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა 2020 წლის იანვრიდან. 2016 -2020 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხობის მუნიციპალიტეტში. 2018 წლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2014-15 წლებში სირაძე იყო ხობის საკრებულოს წევრი ბლოკ „ქართული ოცნებიდან“, ადრეულ წლებში კი მუშაობდა ხობის რაიონულ სასამართლოში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, მოსამართლე სირაძე ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებს 7 უძრავ ქონებას, მოსამართლის მანდატით მიღებულ წლიურ შემოსავალს და ცოლის ბიზნეს წილს.
ორგანიზაცია ამის შესახებ 2024 წლის 3 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში წერს.
შოთა სირაძის სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტებიდან ირკვევა, რომ სირაძე იზიარებს ვეტინგთან დაკავშირებით დიმიტრი გვრიტიშვილის პოზიციას. ე.წ. კლანის წევრად მოაზრებული გვრიტიშვილი ევრორეკომენდაციას სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ნაწილში არ ეთანხმება. გარდა ამისა, შოთა სირაძეს გაზიარებული აქვს ფოტო ლევან მურუსიძესთან.
„ჩემი ხმის“ წარმომადეგნელმა შოთა სირაძის აცილება მოითხოვა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
საიას ცნობით, დასავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა.
იგივე გააკეთა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. სარჩელები გაერთიანდა და საქმე ხვალ, 6 ნოემბერს, 14:00-ზე განიხილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: ილონა თოდუა (მომხსენებელი), დავით ახალბედაშვილი, გოჩა დიდავა.