ჯანეზაშვილი: პროცესზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს სააპელაციოში არ გვიშვებენ

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მოქალაქეები იკრიბებიან. სასამართლოში დღეს საარჩევნო დავების განხილვაა ჩანიშნული, პარალელურად შენობასთან დაანონსებულია ოპოზიციის აქცია. სამართალდამცავები მობილიზებულები არიან როგორც შენობის გარეთ, ისე შიდა ეზოში. შესასვლელთან დგანან მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც აკონტროლებენ, ვინ შევა შიგნით.

„სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს შენობაში დამკვირვებელ ორგანიზაციებს არ უშვებენ. „პუბლიკასთან“ ჯანეზაშვილი ამბობს, რომ შენობაში არ უშვებენ იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც ნათესავების საქმის განხილვაზე სურთ დასწრება.

„სასამართლოს პროცესები არის ღია და საჯარო, ამას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია, თუ არ არის კანონით განსაზღვრული რამე კონკრეტული შემთხვევები, როცა პროცესები უნდა დაიხუროს. ჩვენი ორგანიზაცია, „სასამართლოს გუშაგი“, დაახლოებით 100 საარჩევნო დავას დააკვირდა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე შემდგომში და არსად ჩვენ მსგავსი პრობლემა არ გვქონია. ყველგან გვქონდა შესაძლებლობა დავკვირვებოდით პროცესებს. ჩვენი წარმომადგენელი დილის 10 საათიდან აქ არის, მაგრამ არ შეუშვეს. აქვე მინდა ისიც ვთქვა, რომ ერთადერთი ორგანიზაცია ვართ, ადგილობრივ დონეზე, რომელიც აკვირდება საარჩევნო დავებს. […] გარდა ამისა, მე აქ ვნახე, რომ მოვიდნენ ოჯახის წევრები სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე და მშობელთან არ უშვებდნენ დაუშვათ ადამიანს, რომ პროცესს დასწრებოდა და ალბათ მხარდაჭერა გამოეცხადებინა დაუშვათ თავისი ოჯახის წევრისთვის, ამის საშუალება არ მისცეს რიგით მოქალაქეებსაც კი რომლებსაც არ ჰქონდათ საარჩევნო დავების მიმართ არანაირი პროფესიული ინტერესი“, – ამბობს ჯანეზაშვილი.

4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი“ და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. სარჩელით საია მოითხოვდა წალკისა და თეთრიწყაროს ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას. საიას შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუჭუას გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

საია 24 რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 73 ოლქის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ორგანიზაცია ყველა იმ უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

სააპელაციო სასამართლო დღეს გაერთიანებულად განიხილავს საიას და „ჩემი ხმის“ სარჩელებს.