მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც Fox News-მა წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით დონალდ ტრამპი გამარჯვებულად გამოაცხადა, მსოფლიო ლიდერებმა მას შედეგები მიულოცეს და აღნიშნეს, რომ მოუთმენლად ელიან ტრამპთან ხელახალ თანამშრომლობას.

განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც, რომელმაც დაწერა, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს, საქართველოს ძლიერი ამერიკის მხარდაჭერა სჭირდება.

„გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო. ახლა, როგორც არასდროს გვჭირდება ძლიერი აშშ-ის, ჩვენი 33 წლის სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების, სტაბილურობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა:

„ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. აშშ ლიეტუვის საკვანძო სტრატეგიული პარტნიორია. ორივე ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოება. ლიეტუვა ამჟამად თავდაცვაზე 3.5%-ს გამოყოფს მშპ-დან და გავაგრძელებთ ინვესტიციების ზრდას. ტრანსატლანტიკური ერთობა გადამწყვეტია”.

NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე:

„მე მივულოცე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა. მისი ლიდერობა იქნება საკვანძო ჩვენი ალიანსის სიმტკიცის შესანარჩუნებლად. მე მოუთმენლად ველი მასთან კვლავ თანამშრომლობას NATO-ს საშუალებით მშვიდობის გასაძლიერებლად”.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი:

„ვულოცავ დონალდ ტრამპს ამ შთამბეჭდავ გამარჯვებას. ვიხსენებ ჩვენი დიდებულ შეხვედრას სექტემბერში, როცა განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დეტალები, ჩვენი გამარჯვების გეგმა და უკრაინაში რუსული აგრესიის დასრულების გზები.

მე ვაფასებ გლობალურ საკითხებში „მშვიდობა სიმტკიცის მეშვეობით” მიდგომის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას. ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც შეუძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიახლოება. ვიმედოვნებ, რომ ამას ერთად მოვიყვანთ მოქმედებაში. ჩვენ ველით ძლიერი ამერიკის ერას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადამწყვეტი ლიდერობის ქვეშ. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინისადმი ორპარტიულ მხარდაჭერას ამერიკაში

ჩვენ ინტერესშია ორმხრივად სასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. უკრაინა, როგორც ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო ძალა ევროპაში, მზადაა უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ტრამპს პირადად მივულოცო და განვიხილოთ აშშ-სთან უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების გზები”, – ვოლოდიმირ ზელენსკი.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი:

„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მზად ვარ ერთად მუშაობისთვის, ისევე როგორც ამას ვაკეთებდით 4 წლის წინ: თქვენი და ჩემი რწმენით. პატივისცემითა და ამბიციით. მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”.

ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი:

„ვულოცავ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობს, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობა. ევროპას სჭირდება ძლიერი აშშ და აშშ-ის სჭირდება ძლიერი ევროპა. ლატვია არის და იქნება ძლიერი, სანდო პარტნიორი აშშ-ისთვის”.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი:

„ევროკავშირსა და აშშ-ის აქვთ მტკიცე ალიანსი და ისტორიული კავშირი. როგორც მოკავშირეები და მეგობრები, ევროკავშირი ელის ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას. ევროკავშირი, როგორც ძლიერი, კონკურენტულ და სუვერენულ პარტნიორი, წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი სისტემის დაცვის პარალელურად, გააგრძელებს მის კურსს სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად”.

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ:

„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მის გამარჯვებას. მოლდოვა პატივს სცემს აშშ-სთან ურთიერთობას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ელოდება ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ჩვენი ხალხის სამომავლო კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის”.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა:

„ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ში ელექტორალურ გამარჯვებას. ევროპა მზად არის თანამშრომლობისთვის, რათა გადავწყვიტოთ უპრეცედენტო გეოპოლიტიკური გამოწვევები, შევინარჩუნოთ ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირი, რომელიც ღრმად არის გამჯდარი თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ღია სავაჭრო ბაზრის შესახებ ჩვენს საერთო ღირებულებებში”.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი:

„ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას. გერმანია და აშშ კეთილდღეობისა და თავისუფლებისთვის ერთად წარმატებით მუშაობენ დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ამას გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის”.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი:

„გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს. აშშ და ევროკავშირი მოკავშირეებზე მეტნი არიან. ჩვენ დაკავშირებული ვართ ნამდვილი პარტნიორობით ჩვენს ხალხებს შორის და ვაერთიანებთ 800 მილიონზე მეტ მოქალაქეს. ამიტომ, მოდი, ერთად ვიმუშაოთ ძლიერ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე მათთვის”.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი:

„გულთბილი მილოცვა დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად შთამბეჭდავ გამარჯვებაში. ბატონო არჩეულო პრეზიდენტო, მე მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა ავაშენოთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრიორიტეტებსა და ინტერესებზე”.

ტრამპმა თავის მხარდამჭერებს უკვე მიმართა და განაცხადა, რომ ეს დღე მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება დღედ, როცა ამერიკელებმა „საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნეს”.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს – ბოლო მონაცემებით მან მოიგო სამი მერყევი შტატი, ჩრდილო კაროლინა, ჯორჯია და პენსილვანია. სწორედ ამ შტატებში წყდება არჩევნები და მათ უწოდებენ გადამწყვეტ ან მერყევ შტატებს. ესენია: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილო კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი.

საბოლოო შედეგი წყდება არა სახალხო კენჭისყრაზე, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში – კანდიდატის მიერ შტატში ხმების უმრავლესობას მოიპოვებით, ის იღებს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებს, რომელიც ჯამში 538-ს შეადგენს, ხოლო კანდიდატს გამარჯვებისთვის, მინიმუმ, 270 ხმის მოპოვება სჭირდება. აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის სისტემის ფარგლებში თითოეულ შტატს ხმების რაოდენობა მოსახლეობის ზომის შესაბამისად ენიჭება.

იმ შემთხვევაში, თუ კოლეგიის ხმები იქნება თანაბარი, არჩევანს აკეთებს წარმომადგენელთა პალატა და წევრები ხმას აძლევენ არა დამოუკიდებლად, არამედ, როგორც ერთი შტატის დელეგატები. რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტს, მას ახლად არჩეული სენატი ირჩევს. მას შემდეგ, რაც დეკემბერში ამომრჩეველთა კოლეგია გააკეთებს არჩევანს, გადაწყვეტილება ეგზავნება კონგრესს, რომელიც ხმებს ითვლის და 6 იანვარს ოფიციალურ შედეგს აფორმებს.