ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ მიუხედავად აშშ-ის ან საქართველოს არჩევნებში დამდგარი შედეგისა, ამ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა და მეგობრობა მყარია.
ამის შესახებ ელჩმა დანიგანმა ამერიკული სავაჭრო პალატის ორგანიზებულ election breakfast-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე ნამდვილად მჯერა, რომ იმის მიუხედავად, რა მოხდება საქართველოს ან შეერთებული შტატების არჩევნებში, ურთიერთობა საქართველოს და შეერთებული შტატების ხალხს შორის, ურთიერთობა ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ატლანტიკურ ცენტრებს შორის, ურთიერთობა, რომელიც მიმდინარეობს ყოველდღე ჩვენს ინსტიტუტებს, ჯარებს, სამართალდამცავ უწყებებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, როგორი შედეგიც უნდა იყოს რომელიმე ამ ქვეყანაში.
და ესაა, რატომაც ვამაყობ, რომ წარმოვადგენ აშშ-ს აქ, რადგან მე მჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობა გამძლეა.
ის გადალახავს პოლიტიკურ ცვლილებებს, პოლიტიკურ განწყობებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი, ორივეს მომავალი ემყარება ამ მეგობრობას, საერთო ღირებულებების გრძნობას და ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს“, – თქვა ელჩმა მიღებაზე.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს. ბოლო მონაცემებით მან მოიგო სამი მერყევი შტატი, ჩრდილო კაროლინა, ჯორჯია და პენსილვანია. სწორედ ამ შტატებში წყდება არჩევნები და მათ უწოდებენ გადამწყვეტ ან მერყევ შტატებს. ესენია: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილო კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი.
ტრამპმა თავის მხარდამჭერებს უკვე მიმართა და განაცხადა, რომ ეს დღე მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება დღედ, როცა ამერიკელებმა „საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნეს”.
საბოლოო შედეგი წყდება არა სახალხო კენჭისყრაზე, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში – კანდიდატის მიერ შტატში ხმების უმრავლესობას მოიპოვებით, ის იღებს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებს, რომელიც ჯამში 538-ს შეადგენს, ხოლო კანდიდატს გამარჯვებისთვის, მინიმუმ, 270 ხმის მოპოვება სჭირდება. აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის სისტემის ფარგლებში თითოეულ შტატს ხმების რაოდენობა მოსახლეობის ზომის შესაბამისად ენიჭება.
იმ შემთხვევაში, თუ კოლეგიის ხმები იქნება თანაბარი, არჩევანს აკეთებს წარმომადგენელთა პალატა და წევრები ხმას აძლევენ არა დამოუკიდებლად, არამედ, როგორც ერთი შტატის დელეგატები. რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტს, მას ახლად არჩეული სენატი ირჩევს. მას შემდეგ, რაც დეკემბერში ამომრჩეველთა კოლეგია გააკეთებს არჩევანს, გადაწყვეტილება ეგზავნება კონგრესს, რომელიც ხმებს ითვლის და 6 იანვარს ოფიციალურ შედეგს აფორმებს.