მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად ორი ბენეფიციარი დაიღუპა

პუბლიკა

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ცნობით, მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს „მუხრანის სავანეში“ ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი დაიღუპა. სააგენტო ამბობს, რომ დაშავებულია კიდევ ორი ბენეფიციარი, რომლებიც კლინიკაში გადაყვანეს.

„მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს „მუხრანის სავანეში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ასევე, დაშავდა 2 ბენეფიციარი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. დაშავებულები მიხეილ სარჯველაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.

მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი“, – წერია განცხადებაში.

მუხრანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც.

„სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ხანდაზმულთა სახლ „მუხრანის სავანეში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ბენეფიციარების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ხანდაზმულთა დაწესებულებებში განთავსებულთა მოწყვლადობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ დაწესებულებებში უსაფრთხოების პირობების მაღალი სტანდარტის დაცვა.

სახალხო დამცველი წლებია მონიტორინგს ახორციელებს ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში და ამოწმებს მომსახურების მიწოდების ხარისხის შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან და მიგნებებს ასახავს ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებსა თუ მონიტორინგის შემდგომ ანგარიშებში. დადგენილი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანახმად, ბენეფიციარები მომსახურებას უნდა იღებდნენ უსაფრთხო გარემოში, დაცული უნდა იყოს ხანდაზმული ბენეფიციარების საცხოვრებელი და მიმდებარე გარემოს უსაფრთხოება.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმართონ დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები და გატარდეს შესაბამისი ზომები მომავალში მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.