სააპელაციოში საარჩევნო დავების განხილვა გუშინ შუადღეს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა გუშინ 14:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში დაიწყო, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება.

გაერთიანებულია დამკვირვებელთა კოალიცია „ჩემი ხმისა“ და საიას საქმეები. მხოლოდ საიას აქვს 12 საჩივარი 40-მდე ოლქის წინააღმდეგ. ყველა მათგანი ერთ საქმედაა გაერთიანებული.

საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, რომლის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია. გვრიტიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები ე. წ. სასამართლო კლანის წევრად მოიხსენიებენ.

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის თქმით, მათ მოითხოვეს საქმეების გამიჯვნა, ასევე, იკითხეს, რატომ გაერთიანდა საქმეები, რომლებიც თავდაპირველად სხვადასხვა მოსამართლეს უნდა განეხილა.

ქურდოვანიძისვე განცხადებით, დიმიტრი გვრიტიშვილმა უპასუხა, რომ „ვინაიდან სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციაა, არ იქნებოდა სწორი, ერთგვაროვან მოთხოვნებზე სხვადასხვა მოსამართლეს მიეღო გადაწყვეტილება, რადგან პრაქტიკა სხვადასხვაგვარი ვერ იქნებაო“.

„ამით ფაქტობრივად აღიარა, რომ სხვადასხვა მოსამართლესთან ამ საქმეების განხილვისას ალბათობა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილებები მიგვეღო, არსებობდა”, – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

პარალელურად, ღამით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო დავებზე საიას და „ჩემი ხმის” ორგანიზაციების სარჩელი არ დააკმაყოფილა. კოლეგიამ, რომლის ერთ-ერთი წევრიც საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მამა, შოთა სირაძეა, საქალაქო და რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, „სისტემა არ დაუშვებს, რომ განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოების დონეზე“.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებაც გამოცხადებულია. თუმცა, ფორმალურად პროცესი გრძელდება და მივყვებით ეტაპებს“, – დაწერა ნონა ქურდოვანიძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, გაუქმდეს ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგები, სადაც ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული წესით წარიმართა, ვინაიდან დაირღვა ხმის ფარულობა – ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა ამომრჩევლების მიერ გაფერადებული წრეები, ხოლო არსებული ინფრასტრუქტურა ამის დაფარვას ვერ უზრუნველყოფდა.

საქმე ეხება 73 ოლქს – 2263 უბანს ჯამში 3111 უბნიდან.

საიამ შეიტანა 24 სარჩელი 24 სასამართლოში.

ერთადერთი მოსამართლე, ვინც საიას სარჩელი დააკმაყოფილა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუაა. მან ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და გააუქმა თეთრიწყაროსა და წალკის 30 უბნის შედეგები.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ სასამართლო დარბაზში ჩაატარა ექსპერიმენტი. მან მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი, სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება და დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.

ხუჭუას მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პროსახელისუფლებო მედიამ მისი დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო.