ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გაყალბების სერიოზული ეჭვი არსებობს და საჭიროა გამოძიება. მისივე თქმით, ევროპულ საბჭოში შეაფასებენ ვითარებას.
მიშელმა ეს განცხადება ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.
„მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ.
რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს სერიოზულ გამოძიებას.
ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ. რაზეც ახლა სერიოზული ეჭვები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
[…] ჩვენ ევროპულ საბჭოში შევაფასებთ სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი ლიდერები მკაფიო სიგნალს გააგზავნიან“, – აღნიშნა მიშელმა.
შარლ მიშელი გუშინ, 6 ნოემბერს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.
თავად კობახიძის თქმით, მან შარლს მიშელს უთხრა, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება და არ აქვს სახალხო მხარდაჭერა.
„ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა 4 წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში, იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა 4 წლის წინ”, – თქვა კობახიძემ.
„მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია“, – ამბობს კობახიძე.