POG: ბაღდათში ვერიფიკაციის ორი აპარატის დაზიანებისთვის პირს ბრალდება წარედგინა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში მდებარე საარჩევნო უბანზე საარჩევნო აპარატურის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოფელ დიდველაში მდებარე N23 საარჩევნო უბანზე  განზრახ დააზიანა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კუთვნილი, 5 280 ლარის ღირებულების ორი ერთეული ამომრჩეველთა სავერიფიკაციო აპარატი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.