მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესს სტუდია „მონიტორის“ ორი ჟურნალისტი, თეო ქავთარაძე და ქეთი თუთბერიძე აკვირდებოდა.
თეო ქავთარაძის თქმით, მათ მოახერხეს გადაეღოთ 5 შემთხვევა, რომლებშიც აშკარა იყო, რომ უბანზე შესული პირი ხმის მიცემას პასპორტში ჩაწებებული სხვისი პირადი ნომრით ცდილობდა.
ქავთარაძე მარნეულის მე-4 უბანზე აღმოჩენილ დარღვევებზე საგულისხმო დასკვნებს აკეთებს. ის ამბობს, რომ იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ხმის მიცემას პასპორტში ჩაწებებული სხვისი პირადი ნომრით ცდილობდნენ, ადვილი იყო, რადგან ცხადი იყო რეგისტრატორის არაბუნებრივი ქცევა, რომელიც პასპორტს ხელს აფარებდა და პირადობის მოწმობის ნომერს პასპორტის პირველ გვერდზე კი არა, ბოლო გვერდებზე ეძებდა.
სხვისი პირადობის მოწმობით მისული პირების იდენტიფიცირება კი რთული იყო, რადგან ჟურნალისტი ვერ ახერხებდა, ერთმანეთისთვის შეედარებინა პირადობის მფლობელისა და უბანზე მისული ადამიანის სახე. ჟურნალისტები ვერ ხედავდნენ პირადობის მოწმობას, ვერ ხედავდნენ ქვითარსა და რეგისტრატორის ეკრანს, რათა უბანზე მისული პირის იდენტიფიცირება მოეხდინათ. თეო ქავთარაძის თქმით, სავარაუდო გაყალბების სქემაში ჩართული პირები უბანზე ჯგუფურად შედიოდნენ და, როგორც წესი, ერთსა და იმავე რეგისტრატორებთან ნაწილდებოდნენ.
მისი თქმით, დამკვირვებლად გაფორმებული პირი, მათ უბნის ეზოში, სხვისთვის პასპორტის გადაცემის მომენტში დააფიქსირეს. კადრებიც გადაიღეს, რომლებიც სტუდია „მონიტორის“ გვერდზე გავრცელდა, თუმცა პირი უარყოფს პასპორტის გადაცემას. ამავე უბანზე „ხმის გუშაგის“ დამკვირვებელმა პასპორტში ჩაწებებული სხვისი პირადობის ნომრით ხმის მიცემის 15-მდე შემთხვევა გამოავლინა.