ჯაფარიძის თქმით, 4 ოპოზიციურმა კოალიციამ ანგარიში მოამზადა, რომელსაც ბრიუსელში ელჩი გააგზავნის

პუბლიკა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიცია წერს ანგარიშის, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით შეგროვებული მტკიცებულებები იქნება წარდგენილი და მას ელჩი ბრიუსელში გააგზავნის. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რა მტკიცებულებები შევაგროვეთ. ეს დაიწერება. ანგარიში მზად არის, ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ ჰერჩინსკის გადაეცემა, რომ მან ეს ანგარიში ბრიუსელში გადააგზავნოს. ასე რომ, ეს შეხვედრა ძალიან სასარგებლო, ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ რა თქმა უნდა, კომუნიკაციას გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის ერთგულ მეგობარ ევროკავშირთან.

ეს ანგარიში 4 კოალიციის ჩართულობით მომზადებული და შეჯერებულია, რომელიც სისტემურ დარღვევებს და მათ აღწერას მოიცავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ეგიდით აქ მისია იყოს მოვლენილი, რომელიც პირუთვნელად შეაფასებს ამ დარღვევებს, რომელიც მოხდა, შეაფასებს პროცესს, რამდენად შეესაბამება იმ ვალდებულებას, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით იყო აღებული, საერთოდ, არც კი უზრუნია „ქართულ ოცნებას“ ეს ვალდებულება შესრულებულიყო და არჩევნების პროცესი მთლიანად მიიტაცა“, – თქვა ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. შეხვედრა, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც მისი დასრულების შემდეგ ლიდერებმა ისაუბრეს, ერთ-ერთი საკითხი იყო არჩევნების საერთაშორისო გამოძიება.

„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ელჩთან განიხილეს ის მტკიცებულებები, რომლებსაც ამ ეტაპისთვის ოპოზიცია ფლობს.

ამასთან, როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩაატარონ საერთაშორისო აქტორებმა, მათ შორის ევროკავშირიდან.