400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდების პროცესი ისევ გადაიდო

პუბლიკა

400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პროცესი გადაიდო.

როგორც „პუბლიკას“ სასამართლოში განუცხადეს, მიზეზი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

ბრალდებულების ბოლო პროცესი სექტემბერში იყო, ამ სხდომაზე მათ პროტესტი გამოთქვეს მომდევნო პროცესის ორი თვის შემდეგ, ნოემბერში ჩანიშვნის გამო.

დაცვის მხარე პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობს:

„თითქმის ორი თვე გავიდა, 23 სექტემბერს იყო ბოლო პროცესი; დღეს იყო ჩანიშნული პირველ საათზე და გადადეს, მიზეზი გვითხრეს ის, რომ მოსამართლე გახდა ავად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ზუსტ დროს არ გვეუბნებიან, როდის გადაიდო.

როგორც იცით, როდესაც პატიმრობაში არიან ბრალდებულები, ორ თვეში ერთხელ აღკვეთის ღონისძიება უნდა გადაისინჯოს ხოლმე. ბოლო პერიოდში ნათელი გახდა, რომ სასამართლო მაქსიმალურ ვადას იყენებს. წინაზეც გადაიდო და მაქსიმალური – ორთვიანი ვადა გამოიყენებს მაშინაც, ოფიციალურ მიზეზად მაშინაც მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

რა თქმა უნდა, გაჭიანურება არის პროცესების, არ არის სწრაფი მართლმსაჯულება, სახეზეა, რომ ამას აჭიანურებენ მათ შორის ხელოვნურადაც. ძალიან ბევრჯერ გამოიკვეთა ეს. იმაზე, რომ არაფერი ვთქვათ, რომ ეს ადამიანები სრულიად უსაფუძვლოდ არიან დღეს პატიმრობაში“, – განაცხადა „პუბლიკასთან“ საუბრისას ადვოკატმა თათია კონიაშვილმა.


რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ამ ორ ახალგაზრდას 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მათ დაკავების დღიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაცვის მხარის არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო პატიმრობას უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით არ ცვლის.

წინა სხდომაზე, 23 სექტემბერს – მოსამართლე ნათია გუდაძემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ ან თავდებობით გათავისუფლების შესახებ. პირად თავდებობაზე ხელმომწერთა სიაში იყო 66 ადამიანი, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატები, ყოფილი ომბუდსმენი.

ამასთან, ორგანიზაციამ (DRI), რომელიც მათ უფლებებს იცავს, ჯებირის დაზიანებით დამდგარი ზიანი – 400 ლარი ივლისში აანაზღაურა.

„შსს-ს ეკონომიკის დეპარტამენტს (ვინც არის დაზარალებული ამ საქმეში) სახაზინო კოდით ჩავურიცხეთ 400 ლარი [ჯებირის თანხა]. სასამართლოში მივიტანეთ გადახდის ქვითარი. რეალურად, ეს მინიმალური ზიანიც აღმოფხვრილია“, – ამბობდა კონიაშვილი.

მუხლი, რომლის საფუძველზეც აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, პარლამენტმა გასულ წელს – მარტის აქციების შემდეგ – დაჩქარებული წესით მიიღო.

23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით წარუდგინა. ეს ნაწილი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.