CNN: ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა კონგრესმენ უოლცს შესთავაზა

პუბლიკა

რამდენიმე საერთაშორისო მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა ფლორიდელ კონგრესმენს, მაიკ უოლცს შესთავაზა.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი პრეზიდენტს აშშ-ისთვის არსებულ სხვადასხვა საფრთხეზე უწევს კონსულტაციას. უოლცს, სავარაუდოდ, მოუწევს აშშ-ის პოზიციის განსაზღვრაში მონაწილეობა ისრაელსა და უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით.

უოლცი, რომელიც ავღანეთის ომის ვეტერანია, გასულ კვირას კონგრესში აირჩიეს, თუმცა თეთრ სახლში სამსახურის დაწყების შემთხვევაში, თანამდებობის დატოვება მოუწევს. მისი დანიშვნა სენატის თანხმობას არ საჭიროებს. ასევე, სავარაუდოა, რომ სენატორი მარკო რუბიო განიხილება სახელმწიფო მდივნის კანდიდატად.

ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, დონალდ ტრამპი, რომელიც მეორე ვადით გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თავისი ახალი გუნდის დაკომპლექტებას დაიწყებს. საერთაშორისო მედიები სხვადასხვა თანამდებობაზე რამდენიმე პოტენციურ კანდიდატს ასახელებენ.

ტრამპმა უკვე გამოაცხადა, რომ თეთრი სახლის აპარატის უფროსი, სუზი უაილსი იქნება. უაილსი ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი იყო.

მარკო რუბიოს პოტენციურ კანდიდატად CBS-სთან ორი წყარო ასახელებს. ფლორიდელი სენატორი 2016 წელს ტრამპის წინააღმდეგ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციისთვის იბრძოდა. მას შემდეგ, ის აქტიურად იყო ჩართული ტრამპის 2024 წლის კამპანიაში და ვიცე-პრეზიდენტის სავარაუდო კანდიდატადაც მოიაზრებოდა, თუმცა ჯეი დი ვანსთან დამარცხდა.

მაიკ პომპეო, ყოფილი კონგრესმენი კანზასიდან, რომელიც ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად და სახელმწიფო მდივნად მსახურობდა, თავდაცვის მდივნის პოზიციაზე ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატად სახელდება.

ის განსაკუთრებული მხარდამჭერი იყო ისრაელის და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანაში. ასევე იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა აბრაამის შეთანხმებების განხორციელებაში, რომელმაც ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, ასევე, ბაჰრეინთან, ურთიერთობების დარეგულირებას გულისხმობდა.

BBC აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე პოტენციურ კანდიდატად ტომ ჰომანს ასახელებს, რომელიც ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში იმიგრაციისა და საბაჟო დაცვის სააგენტოს (ICE) დროებითი დირექტორი იყო. ის ტრამპის გეგმას მასობრივი დეპორტაციის შესახებ მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ეს არ იქნება მასობრივი რეიდი უბნებში, არამედ „მიზნობრივი დაპატიმრებები“.

ტრამპმა პირველი ადმინისტრაციის ფარგლებში სხვადასხვა კანდიდატი გამარჯვების გამოცხადებიდან რამდენიმედღიანი, ნაწილი კი ერთთვიანი ინტერვალით დაასახელა. მაგალითად, თავდაცვის მდივნის პოზიციაზე კანდიდატის გამოსაცხადებლად მას 22 დღე დასჭირდა, ხოლო სახელმწიფო მდივანი 34 დღის შემდეგ დაასახელა.