შესაძლებელია თუ არა, ცესკომ პარლამენტის არჩეული წევრი რეგისტრაციაში არ გაატაროს - კონსტიტუციონალისტების განმარტება

პუბლიკა

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ დღეს განაცხადეს, რომ პარლამენტის არჩეული წევრები ინდივიდუალური განცხადებით მიმართავენ ცესკოს, არ გატარდნენ რეგისტრაციაში როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი და არ გაიცეს მათზე პარლამენტის არჩეული წევრის დროებითი მოწმობა.

საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლში წერია, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა, ცესკომ გაითვალისწინოს ოპოზიციონერთა განცხადებები და უარი თქვას პარლამენტის არჩეულ წევრთა რეგისტრაციაში გატარებაზე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ კანონით, ცესკო შემაჯამებელი ოქმის მიღების შემდეგ ვალდებულია, პარლამენტის არჩეული წევრები გაატაროს რეგისტრაციაში და გადასცეს პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობა.

ხმალაძის თქმით, დროებითი მოწმობა პარლამენტის არჩეულ წევრს აძლევს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს პირველ სხდომაში.

პირველ სხდომაზე პარლამენტის სულ მცირე 76-მა დეპუტატმა უნდა ცნოს არჩეული წევრების [2/3] უფლებამოსილება.

ხმალაძის განმარტებით, არჩეულ წევრს შეუძლია, ცესკოსგან არ აიღოს დროებითი მოწმობა, მაგრამ პარლამენტის უმრავლესობის მიერ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემთხვევაში დეპუტატად ის მაინც გამოცხადდება.

„შემაჯამებელი ოქმის მიღების შემდეგ, ცესკო ვალდებულია, გასცეს დროებითი მოწმობა. მე, ვინც ვარ ამ სიაში, შემიძლია, არ მივიდე და არ ავიღო ეს მოწმობა, მაგრამ ცესკო ვალდებული იქნება, ასეთი მოწმობა დაამზადოს და მე თუ მივედი, გადმომცეს.

მოწმობა მაძლევს შესაძლებლობას, მივიღო მონაწილეობა პარლამენტის პირველ სხდომაში, რომელზეც პარლამენტმა უნდა ცნოს არჩეულ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება და ცნობის შემდეგ უკვე პარლამენტის წევრებს გადაეცემათ პარლამენტის წევრის მოწმობები და დროებითი მოწმობა უქმდება.

მე რომც არ მივიდე და რომც არ ავიღო ეს ცნობა, თუ პარლამენტი შეიკრიბა პირველ სხდომაზე, მიიღებენ უფლებამოსილების ცნობის გადაწყვეტილებას და მიუხედავად ჩემი პროტესტისა, მე გამომაცხადებენ პარლამენტის წევრად.

კანონი პირდაპირ ამბობს იმას, რომ თუ მე ვარ პარლამენტის წევრობის კანდიდატი, უფლება არა მაქვს, მოვითხოვო ჩემი კანდიდატის სტატუსის გაუქმება მანამ, სანამ პარლამენტი არ ცნობს ჩემს უფლებამოსილებას. (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 120)

ჯერჯერობით, ყველა იმ პირისა, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და ვინც არსებული მონაცემების მიხედვით ხდება პარლამენტის წევრი, ყველას სტატუსი არის პარლამენტის წევრობის კანდიდატი, ამიტომ კანონი არ აძლევს მათ იმის უფლებას, რომ ამ სტატუსზე თქვან უარი.

ისინი ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩეულებად თავისი შემაჯამებელი ოქმით.  პარლამენტმა უნდა ცნოს მათი უფლებამოსილება და ამის მერე მათ ექნებათ უფლება, გადადგნენ პარლამენტის წევრობიდან“, – განმარტავს ხმალაძე.

შეკითხვაზე, ცესკოს თუ აქვს უფლებამოსილება, გაითვალისწინოს კოალიციების განცხადება და არ გაატაროს ისინი რეგისტრაციაში, ხმალაძე პასუხობს, რომ არა.

„არა. ცესკოს აქვს უფლება, დაადგინოს არჩევნების საბოლოო შედეგი. მათ შორის შედეგი შეიძლება იყოს ასეთიც, რომ ცესკომ გააბათილოს მთელი რიგი საარჩევნო უბნების და ოლქების შემაჯამებელი ოქმები და დაადგინოს, რომ არჩევნები ჩატარებულად არ ცხადდება.  მაშინ უნდა დანიშნოს ხელახალი არჩევნების თარიღი, ამის უფლება აქვს, მაგრამ ის, რომ ჩემი განცხადების საფუძველზე მე არ შემიყვანოს არჩეულად გამოცხადებულთა სიაში, მაგის უფლება არ აქვს“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

დღევანდელ განცხადებაში „ერთიანობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ მიუთითა კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ნორმატიულ შინაარსზე. ბოკუჩავას თქმით, ამის მიხედვით, პარლამენტში არჩეულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას საჯარო თანამდებობის დაკავებაზე.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ თანამდებობის დაკავების ან გადადგომის პროცედურები კანონმდებლობითაა გაწერილი, საარჩევნო კანონმდებლობით კი პირებს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის უფლება აქვს ან არჩევნებამდე 16 დღით ადრე ან პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.

„ამ განცხადებაში საუბარი არის კონსტიტუციის პირდაპირ გამოყენებაზე. კონსტიტუციაში წერია, რომ ყველას აქვს უფლება, დაიკავოს თანამდებობა, რაც ასევე იმას ნიშნავს, რომ აქვს უფლება, არ დაიკავოს თანამდებობა, თუმცა, ეს პროცედურები დაკავების ან გადადგომის, არის კანონმდებლობით გაწერილი და კანონმდებლობაში ვკითხულობთ, რომ არჩევნებამდე თექვსმეტი დღით ადრე ან პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ აქვს ამის უფლება კონკრეტულ პირს. (კოდექსი, ნუხლი 120)

მე ასე ვკითხულობ ამ ჩანაწერებს, კონსტიტუციას და საარჩევნო კანონმდებლობას, რომ ახლა მანდატებზე უარის თქმის სამართლებრივი მექანიზმები არ არსებობს“, – თქვა მენაბდემ.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რომ დღევანდელ განცხადებაში არა მანდატებზე უარის თქმაზე, არამედ პარლამენტის არჩეულ წევრად რეგისტრაციაში არგატარებაზე იყო საუბარი, ვახუშტი მენაბდე პასუხობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობით ასეთი პროცედურა გათვალისწინებული არაა.

ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ კანონმდებლობა უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს.

„მოქმედი კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის შემთხვევაში, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში და სხვაგვარი რეგულირება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული არ არის“, – ამბობს ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი.

როდისაა შესაძლებელი დეპუტატის მანდატის დატოვება და საპარლამენტო სიის ჩახსნა

ვახუშტი მენაბდეს განმარტებით, კანონმდებლობით, საპარლამენტო სიის ჩახსნა შესაძლებელია არჩევნებამდე ან პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.

პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიებს შეუძლიათ, ცესკოს მიმართონ და მათი პროპორციული სიიდან ჩახსნან ის წევრები, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

ხოლო უკვე პარლამენტის დეპუტატებმა უნდა მიმართონ პარლამენტს და მოითხოვონ მანდატის გაუქმება.