გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არ აპირებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს იმავე ტიპის განცხადებით, რა განცხადებებითაც ცესკოს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიმართავენ.
ანა ბუჩუკურის თქმით, ცესკოს მიერ პარლამენტისთვის გადასაგზავნი დეპუტატების სიის გაუქმებას კანონი არ ითვალისწინებს. პარტია „საქართველოსთვის“ აქცენტს საარჩევნო კოდექსის 120-ე და 131-ე მუხლებზე აკეთებს.
„ეს არის უბრალოდ პოპულისტური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ასეთი პოპულისტური გადაწყვეტილებები ამომრჩევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს, იმიტომ, რომ მსგავს შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ეს, ფაქტობრივად, დადგმული სპექტაკლია.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუსმენთ და პატივს ვცემთ ამომრჩეველს და ჩვენს გეგმას თანმიმდევრულად მივუყვებით. ვერანაირი მსგავსი გაუგებარი ინიციატივები ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია, რა თქმა უნდა, არ ექნება”, – ამბობს ანა ბუჩუკური „პუბლიკასთან“.
120-ე მუხლის თანახმად:
„არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.
პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე“.
131-ე მუხლის თანახმად:
„არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ”.
დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შეწყვეტას პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
„ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ” და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკოს მიმართეს, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“.
თინა ბოკუჩავამ არგუმენტად მოიყვანა საარჩევნო კოდექსის 131-ე და კონსტიტუციის 25-ე – „საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების“ მუხლი.
„1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
2. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა“.
ეს მუხლი ბოკუჩავამ ასე განმარტა:
„საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, პარტიული სიის წევრს, მათ შორის, პარლამენტში არჩეულ პირს, უფლება აქვს, უარი თქვას საჯარო თანამდებობის დაკავებაზე, სახელმწიფო თანამდებობას პირი იკავებს მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით. კონსტიტუციის მითითებული ნორმა გამორიცხავს საჯარო თანამდებობის დაკავებისთვის რაიმე ფორმის იძულებას“.
„ერთიანობის“ კოალიციის წევრმა, თამარ კორძაიამ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ ცესკომ პარლამენტს 150-ის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის სია უნდა გაუგზავნოს.
„ცესკომ არ უნდა წარადგინოს ოპოზიციური პარტიების სიაში მყოფი ადამიანების სახელები და გვარები, ამისთვის არსებითია, ოთხივე პარტიამ გააკეთოს ერთი და იგივე. პარტია, რომელიც ამას არ გააკეთებს, ის ხელს უწყობს „ქართული ოცნების” ლეგიტიმაციას“, – თქვა კორძაიამ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ ცესკოს არ აქვს უფლება, დააკმაყოფილოს იმ ტიპის განცხადება, რაც ორმა ოპოზიციურმა პარტიამ გააკეთა.
„კანონი პირდაპირ ამბობს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატს უფლება არ აქვს, მოითხოვოს კანდიდატის სტატუსის გაუქმება მანამ, სანამ პარლამენტი არ ცნობს მის უფლებამოსილებას. ჯერჯერობით სტატუსი ყველა პირისა, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და ვინც, არსებული მონაცემების მიხედვით, ხდება პარლამენტის წევრი – არის პარლამენტის წევრობის კანდიდატი. კანონი არ აძლევს მათ იმის უფლებას, ამ კანონზე უარი თქვან.
ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩეულებად თავისი შემაჯამებლი ოქმით, პარლამენტმა უნდა ცნოს მათი უფლებამოსილება და ამის შემდეგ მათ ექნებათ უფლება, გადადგნენ და უარი თქვან თავიანთ მანდატზე“, – თქვა ვახტანგ ხმალაძემ.
კომენტარი გააკეთა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა და თქვა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე უარი, რეგისტრაციას ამ ეტაპზე ვერ გაუუქმებენ.
„მოქმედი კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში“, – თქვა გიორგი სანტურიანმა.