დღეს, 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმის ფარულობაზე სარჩელებს განიხილავენ.
სარჩელები შეიტანეს კოალიციებმა „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“. „ლელოს“ თორნიკე ართქმელაძე წარმოადგენს, „ერთიანობას“- თამარ კორძაია. ასევე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. მოპასუხე სამივე შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.
სამივე სარჩელით მოთხოვნილია საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებისა და ამ შედეგების ბათილად ცნობა.
ოპოზიცია მოითხოვს მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას. ანუ, მათი მოთხოვნაა, მოსამართლემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაავალდებულოს, სხდომაზე მოიტანოს როგორც ხმის მთვლელი აპარატი, ასევე, ბიულეტენები და მარკერი, რომლითაც ამომრჩევლები არჩევნების დღეს ხმას აძლევდნენ და აფერადებდნენ ბიულეტენებს.
„ჩვენ დავასაბუთებთ იმას, რომ „სმარტმატიკთან” გაფორმებული ხელშეკრულებით მათ უნდა ჰქონოდათ „სმარტმატიკის“ მარკერები. ეს შეიცვალა არჩევნების დღეს გამოიტანეს სხვა მარკერი“, – თქვა თამარ კორძაიამ.
ისინი ასევე მოითხოვენ, გამოიკითხონ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები დარღვევების შესახებ.
ასევე, ითხოვენ იმ აუდიტის ექსპერტის გამოკითხვას, ვინც ხმის მიცემის აპარატებზე დასკვნები მოამზადა.
თამარ კორძაიას თქმით, ჯამში საქმე ეხება სულ მცირე, 56 მოწმეს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, ნინო ხუციშვილმა განაცხადა:
„საიას სარჩელი შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას. ასევე, ცესკოს განკარგულების გაუქმებას, რომლითაც ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა აღნიშნული ოქმების გაუქმების და ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებული არჩევნების ნაწილში აღნიშნული ოლქების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
ჩვენი საჩივარი ისევ და ისევ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ არჩევნების ჩატარების პროცესში დარღვეული იყო ნების თავისუფალი გამოვლენა. ასევე, ფარულობის პრინციპი, რომლებიც კონსტიტუციური პრინციპებია”.
ოპოზიციისა და საიას საქმეები ცალ-ცალკე, სხვადასხვა მოსამართლეს უნდა განეხილა. თუმცა, საქმეები გაერთიანდა. საქმეების გაერთიანებულ განხილვამდე გამოცხადდა 1-საათიანი შესვენება.
საია მოითხოვს, მათი სარჩელი ცალკე იქნას განხილული.