საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციის მიმართ გამოიყენებენ საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს.
კობახიძის თქმით, პარლამენტის პირველ სხდომაზე ყველა არჩეული წევრის უფლებამოსილებას ცნობენ და ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს მანდატის გაუქმება ან სიის ჩახსნა, შეუძლია, მიმართოს ცესკოსა და პარლამენტს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა და მანდატის გაუქმება მოითხოვა, საპარლამენტო უმრავლესობამ საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და ამგვარად ხელი შეუშალა მათი მანდატების გაუქმებას.
„საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს, ჩვენ ეს მექანიზმი გამოვიყენეთ ოთხი წლის წინაც და გამოვიყენებთ ახლაც. ასეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი.
ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი.
ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს, მიმართოს პარლამენტს ან ცესკოს სიების ჩახსნაზე, მანდატის შეწყვეტაზე, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ახსენა საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ის გულისხმობდა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას თუ 2020 წლის მსგავსად ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებაზე უარის თქმას.
კანონმდებლობით, პარლამენტის პირველი სხდომა უნდა შედგეს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა.
კობახიძე ამბობს, რომ როცა შეჯამდება არჩევნების შედეგები, პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება მე-10 დღეს, რის შემდეგაც დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება. მისივე თქმით, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები, შემდეგ კი შედგება ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაც.
„ჩვეულებრივად, მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ოპოზიცია“, – ამბობს კობახიძე.
აღსანიშნავია, რომ „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობას“ და „კოალიციას ცვლილებისთვის“ გუშინ, 12 ნოემბერს ცესკოსთვის არ მიუმართავს სიების ჩახსნის განცხადებით.
კოალიციებმა თქვეს, რომ პარლამენტის არჩეული წევრები საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე ინდივიდუალური განცხადებით მიმართავენ ცესკოს, არ გატარდნენ რეგისტრაციაში როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი და არ გაიცეს მათზე პარლამენტის არჩეული წევრის დროებითი მოწმობა. მათი განმარტებით, კონსტიტუცია უფლებას აძლევს ადამიანს, უარი თქვას საჯარო თანამდებობის დაკავებაზე.
საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლში წერია, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.
რაც შეეხება პროპორციული სიების ჩახსნას და უკვე უფლებამოსილი დეპუტატის მანდატის გაუქმებას – კანონმდებლობით, საპარლამენტო სიის ჩახსნა შესაძლებელია არჩევნებამდე მინიმუმ 16 დღით ადრე ან პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიებს შეუძლიათ, ცესკოს მიმართონ და მათი პროპორციული სიიდან ჩახსნან ის წევრები, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდნენ.
ხოლო უკვე პარლამენტის დეპუტატებმა უნდა მიმართონ პარლამენტს და მოითხოვონ მანდატის გაუქმება.
როგორ გამოიყენეს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი 2020 წლის არჩევნების შემდეგ
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა შედეგები არალეგიტიმურად მიიჩნიეს და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად მათმა ნაწილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართა.
მანდატიანმა დეპუტატებმა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაც მოითხოვეს.
2021 წლის 2 თებერვლის კენჭისყრაზე პარლამენტმა უფლებამოსილება არ შეუწყვიტა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს, რომლებმაც მანდატებზე უარი პირადი განცხადებით თქვეს.
მაშინ ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ მანდატების შეწყვეტაზე უარის თქმა საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმია.
„კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები“, – ამბობდა კობახიძე.
ამის შემდეგ პარლამენტის სამმა დეპუტატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, თამარ კორძაიამ და ელენე ხოშტარიამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართეს, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ მანდატის შეწყვეტაზე უარის თქმით დაირღვა კონსტიტუცია.
მოგვიანებით, თამარ კორძაიამ სასამართლოს მის მიერ შეტანილი სარჩელის წარმოების შეწყვეტაზე მიმართა, ზურაბ ჯაფარიძე კი დავას კვლავ აგრძელებს.
ოპოზიციის ძირითადი ნაწილი პარლამენტში 19 აპრილს „მიშელის შეთანხმებაზე“ ხელმოწერის შემდეგ შევიდა.
11 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ცდილობს, წავიდეს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ. მისი თქმით, თუ ოპოზიცია გააგრძელებს ამგვარ ქმედებას, შესაძლოა, მათ არაკონსტიტუციურად ცნობაზე საკონსტიტუციო სარჩელის სასამართლოში შეტანა განიხილონ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია „დასუსტებულია და შეიძლება, ასეთი ზომის მიღება საჭირო აღარ გახდეს“.