ქეთი თურაზაშვილი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის გათავისუფლებას მოითხოვს

პუბლიკა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, „მოქალაქეების“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

თურაზაშვილის თქმით, 23 ოქტომბერს თეონა ჯაფარიძემ თავის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს, რომელიც ამავე კომისიის წევრი იყო, სატელეფონო საუბარში შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც თურაზაშვილი ააღელვა. საუბრის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში ის გარდაიცვალა.

„ჩემი მამა, ალექსანდრე თურაზაშვილი, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია ,,მოქალაქეებს” წარმოადგენდა, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და უბნების დასათვალიერებლად დადიოდა. იმის გამო, რომ მას არცერთი პასუხისმგებელი პირი უბნებზე არ დახვდა, მიზეზის დასადგენად რამდენიმე უბნის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. აღნიშნულის შესახებ აცნობეს საოლქო კომისიის წევრს და „ოცნების“ პოლიტიკის ინტერესების გამტარებელ თეონა ჯაფარიძეს, რომელიც გაღიზიანდა ალექსანდრეს საქმიანობით, დაურეკა მას და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში მამა გარდაიცვალა. მამამ დამირეკა 12:31 საათზე, მომიყვა ჯაფარიძესთან საუბრის დეტალები, ის აღელვებული იყო და აღნიშნა, რომ საკადრისი პასუხი არ გასცა თეონა ჯაფარიძეს, არ უპასუხა არაფერი, რასაც ეს უტიფარი ქალი იმსახურებდა. 13:17 წუთზე უკვე დედამ დამირეკა და მითხრა, რომ მამა გარდაიცვალა. ჯაფარიძის ზარსა და მამას გარდაცვალებას შორის შუალედი 60 წუთზე ნაკლებია.

მოვითხოვ გიორგი კალანდარიშვილისგან, მიიღოს შსაბამისი ზომები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თეონა ჯაფარიძე თანამდებობიდან, იმისთვის, რომ დავიცვათ მისგან სხვა ადამიანები, მოხდეს პრევენცია და მან ვეღარ შეძლოს სხვების დაზიანება. ასევე, სხვებისთვის იყოს მაგალითი, რომ ამ ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება უტიფრობა, თავხედობა, აგრესია, სიძულვილის ენის გამოყენება, უპასუხისმგებლობა და უზრდელობა“, – განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.

საბურთალოს საოლქო კომისიის წევრი შორენა ბუხრაშვილი ამბობს, რომ თეონა ჯაფარიძესთან საუბრის შემდეგ ალექსანდრე თურაზაშვილმა მას დაურეკა.

„ბატონ ალექსანდრე თურაზაშვილთან ჩემი ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია შედგა 23 ოქტომბერს, 12:33-ზე. ბატონმა ალექსანდრემ ძალიან აღელვებულმა დამირეკა, როგორც კოლეგა, ჩამაყენა საქმის კურსში, რა სახის საუბარი შედგა მასა და საოლქო კომისიის ერთ-ერთ წევრს, თეონა ჯაფარიძეს შორის. აღელვებული ბატონი ალექსანდრე ამბობდა, რომ მსგავსი შეურაცხყოფის ატანა, მით უფრო როდესაც ის ასრულებდა მისთვის კანონით დაკისირებულ მოვალეობას, აღარ შეეძლო“, – თქვა შორენა ბუხრაშვილმა.

ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი ამბობს, რომ გაეცნო გამოძიების საქმის მასალებს, თუმცა 3 კვირის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. ის ამბობს, რომ უნდა გამოიძიონ ყველა გარემოება, მათ შორის, სატელეფონო ზარი, რომლის განხორციელებიდან, დაახლოებით, 1 საათში ადამიანი გარდაიცვალა.

თურაზაშვილს გამოეხმაურა ცესკო.

„მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების მიზეზად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის თეონა ჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება. სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კომისიის წევრის მიერ, გამოიკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის საკითხს და ექნება სათანადო რეაგირება. საარჩევნო ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს ქეთევან თურაზაშვილს, დაელოდოს დაწყებულ გამოძიებაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.


24 ოქტომბერს ქეთი თურაზაშვილის თანაპარტიელმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ალექსანდრე თურაზაშვილი 23 ოქტომბრის დილას შემოვლას ატარებდა საარჩევნო უბნებზე, სადაც არ დახვდა საუბნო კომისიის არცერთი პასუხისმგებელი პირი, ამიტომ რამდენიმე უბნის კომისიის თავმჯდომარეს დაურეკა და მოიკითხა, თუ რატომ იყო უბნები უპატრონოდ მიტოვებული.

ელისაშვილის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედმა წევრმა თეონა ჯაფარიძემ დაურეკა ალექსანდრე თურაზაშვილს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, „რის გადალახვა, გადატანა და გადახარშვა ამ ღირსეულმა კაცმა ვერ მოახერხა“.

ამავე დღეს განცხადება გაავრცელა ცესკომაც.

„კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ. სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე“, – აღნიშნა კომისიამ.