სახალხო დამცველმა საიას სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ივერი აბაშიძეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.
მოსაზრებაში საუბარია საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებზე, რომელიც ამ შემთხვევაში არჩევნების ფარულობის უზრუნველყოფას ეხება.
მათ შორის, ყურადღება გამახვილებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტი შედგება ფარული კენჭისყრით, თანასწორი, თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული წევრებისგან. საარჩევნო კოდექსი არჩევნების ფარული კენჭისყრით ჩატარებას ერთ-ერთ ძირითად პრინციპად ადგენს და მას ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლინებასთან ერთობლიობაში განიხილავს.
ომბუდსმენის მოსაზრებით, არჩევნების ჩატარების მოდელი უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქის როგორც თავისუფალი ნების გამოვლენას, ასევე კონსტიტუციური პრინციპების/სტანდარტების დაცვას.
მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ ხმის ფარულობის მოთხოვნა განმტკიცებულია საერთაშორისო/რეგიონული ხელშეკრულებებითაც.
„ევროპის საპარლამენტო ასამბლეა 1590 (2007) რეზოლუციაში მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ხმის მიცემის ფარულობა ყველა მოქალაქისთვის და დარწმუნდნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საშუალებები იმისთვის, რომ მათ ხმის მიცემა ფარულად შეეძლოთ. ასამბლეა მოუწოდებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ამომრჩეველთა ანონიმურობა იმგვარად, რომ არ შეიძლებოდეს ამომრჩევლის დაკავშირებ მიცემულ ხმებთან. ამასთან, საარჩენო ადმინისტრაცის წარმომადგენლები არ უნდა ჩაერიონ ფარულ კენჭისყრაში და არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, წაიკითხონ ბიულეტენები თვლის პროცესამდე.
საარჩევნო პროცესში ხმის უფლების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით არსებობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაც.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადი თვალსაზრისით, 1-ლი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) სტანდარტების თანახმად, საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ხმის მიცემის პროცესი წარიმართოს ფარული კენჭისყრით, რაც ამომრჩეველს შესაძლებლობას მისცემს, ხმა სასურველ კანდიდატს მისცეს თავისუფლად და ეფექტიანად. საკუთარი შეხედულებისამებრ და ყოველგვარი ჩარევის, დაშინების და დაგმობის გარეშე“, – აღნიშნულია მოსაზრებაში.
გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოების მიმართ ელექტრონული კენჭისყრის ჩატარების შესახებ.
„დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ელექტრონული კენჭისყრა იმგვარად უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ უზრუნველყოს ხმის ფარულობა ხმის მიცემის პროცედურის ყველა ეტაპზე. ელექტრონული კენჭისყრის პროცესი, განსაკუთრებით დათვლის სტადია, ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ არ იყოს შესაძლებელი ხმების დაკავშირება ამომრჩევლებთან. ხმები არის და უნდა დარჩეს ანონიმური.
რეკომენდაციაში კომიტეტი აღნიშნავს, რომ ელექტრონული კენჭისყრის პროცედურა იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ნებისმიერ სტადიაზე და განსაკუთრებით ამომრჩევლის ვინაობის დადგენისას, გამოირიცხებოდეს ნებისმიერი რამ, რაც ხმის მიცემის ფარულობას საფრთხეს შეუქმნის“, – აღნიშნულია მოსაზრებაში.