თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა დასრულდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების არაერთ ფაქტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს ფაქტები პროკურატურის გამოსაძიებელია, თუმცა საგამოძიებო უწყებას არ ენდობა და ვარაუდობს, რომ პროკურატურა ობიექტურ შედეგს არ დადებს.

„ჩვენ მივუთითებთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდაც არის გავრცელებული. მათ ჩვენ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს უკვე არის პროკურატურის ვალდებულება, რომ ჩაატაროს სათანადო გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულებები.

კონკრეტული დარღვევები მდგომარეობდა იმაში, რომ იყო უამრავი ადამიანი შეკრებილი საარჩევნო უბნის წინ, რომელიც იქ იყვნენ შეკრებილი ამომრჩეველზე ზემოქმედების მიზნით. ასევე მივაწოდე ინფორმაცია, როდესაც ვადა გასული პასპორტით ხდებოდა ხმის მიცემა და ამ ფაქტს შევესწარი მეც.

ასევე მივაწოდე ინფორმაცია, რომლის თვითმხილველიც ვიყავი, როდესაც პრაქტიკულად გამოაძევეს უბნიდან დამკვირვებელი და მან თქვა, რომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და შემდეგ იქ მოვიდნენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები და ეს საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, ისინი არიან ასახული კადრებზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

პროკურატურის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები – მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე, თენგიზ თევზაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ასევე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ სპიკერი ლონდა თოლორაია.

გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უწყებაში მისვლაზე უარი თქვა და ბრიფინგზე საზოგადოების წინაშე საარჩევნო დარღვევების და შესაძლო გაყალბების მტკიცებულებების საჯარო პრეზენტაცია მოაწყო.