საგამოძიებო: დავაკავეთ პირი, რომელიც 26 ადამიანს საზღვარგარეთ სწავლას დაჰპირდა და 36 ათას ლარს მოტყუებით დაეუფლა

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულმა, სოციალურ ქსელ „Facebook”-ზე შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში თითქოსდა დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში წამსვლელთა ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულ 26 ფიზიკურ პირს ატყუებდა, რომ კონკრეტული თანხის გადახდის შემთხვევაში ისინი ჩაერთვებოდნენ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში და მათზე გაიცემოდა აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს ვიზები.

აღნიშნული გზით, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდში, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა 26 ფიზიკური პირის კუთვნილ თანხას, ჯამში 36 000 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.