ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
ასევე, მათი თქმით, 17:00 საათზე უერთდებიან ჯგუფი „დაიტოვეს” საპროტესტო მსვლელობას.
„თბილისიდან ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ბათუმელ თანამებრძოლებს, რომლებიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არიან და პროტესტს გამოხატავენ. ის ძალიან მაგარი ამბავი, რომელსაც ისინი აკეთებენ, დამატებითი იმედის და მუხტის მომცემია.
სწორედ ასეთი მტკიცე, მწყობრი, დაუღალავი, მშვიდობიანი პროტესტით შეგვიძლია მიზნის მიღწევა და ქვეყნის დაბრუნება, რომელიც დღეს ერთ პარტიას და ერთ ადამიანს აქვს მიტაცებული.
დღეს ასევე 17:00 საათზე არის ჯგუფი „დაიტოვეს“ მსვლელობა, რომელსაც ვუერთდებით, რადგან ქუჩის პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე სიახლეა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აპირებენ ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოხატვას“, – განაცხადა „მე-12 სართულის“ წევრმა, ვადო მაჭავარიანმა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ხალიბეგ მაგამედოვის თქმით, დღეს, „დაიტოვეს” აქციის შემდეგ ილიაუნის სტუდენტები ბსუ-ის სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად, უნივერსიტეტში ღამეს გაათენებენ.
„ჩვენ, ილიაუნის სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ ბათუმში სტუდენტების აქციას და ვდგავართ მათ გვერდით. დღეს საღამოს, 17:00 საათზე დაგეგმილი აქციის შემდეგ, ილიაუნის სტუდენტები ვიკრიბებით უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან, მთელი ღამის განმავლობაში ვიქნებით ადგილზე და გავაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, უზურპირებულ ძალაუფლებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის წართმეულ ევროპულ არჩევანს.
როგორც იცით, ილიაუნი ყოველთვის იქ დგას, სადაც საქართველოს სჭირდება. ამის გამო მას უსამართლოდ მიანიჭეს დროებით აკრედიტაცია და სტუდენტები ვგმობთ ამ გადაწყვეტილებას.
გელოდებით საღამოს ილიაუნის „ა“ კორპუსთან – ერთად გავათენოთ საქართველოსთვის“, – განაცხადა ხალიბეგ მაგამედოვმა.
დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და აქტივისტები ილიაუნში და თსუ-ში მივიდნენ და სტუდენტებს მოუწოდეს, მათ პროტესტს შემოუერთდნენ. ისინი 17:00-ზე „დაიტოვეს“ ორგანიზებულ მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას.
სტუდენტების პროტესტი გრძელდება ბათუმში.