პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მასალების დასალუქად საჭირო ლუქების შესყიდვზე სააგენტოს მიმართა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა შესყიდვების სააგენტოს სთხოვს თანხმობას, რომ გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით შეისყიდოს 10 000 ცალი წებოვანი ლუქი. შესყიდვის ღირებულებაა 6 150 ლარი.

პროკურატურის მიმართვაში აღნიშნულია, რომ უწყება იძიებს სავარაუდო გაყალბების საქმეს, რომლის ფარგლებშიც საჭიროა ათასობით ვერიფიკაციის აპარატში მოთავსებული მეხსიერების ბარათების ამოღება და შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა, რაც საჭიროებს შესაბამისი წესით დალუქვას, პროკურატურას კი ამ ეტაპზე არ აქვს ლუქების საკმარისი რესურსი.

პროკურატურამ შესყიდვების სააგენტოს 14 ნოემბერს მიმართა.

„მოცემულ საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის იგეგმება 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას გამოყენებული ათასობით ვერიფიკაციის აპარატში მოთავსებული მეხსიერების ბარათების ამოღება და შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა, რაც საჭიროებს შესაბამისი წესით დალუქვას.

საქართველოს პროკურატურას ამ ეტაპისათვის არ აქვს წებოვანი ლუქების საკმარისი რესურსი, რაც აუცილებელია საგამოძიებო მოქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩატარებისთვის. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ზემოაღნიშნული ობიექტების ამოღების და ინფორმაციის გამოთხოვის დაყოვნებამ შესაძლოა დააზიანოს გამოძიების ინტერესები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

14 ნოემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცესკოს „შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა”.