4 ოპოზიციური კოალიცია და პარტია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი სახელმწფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართავს.
დღეს, 18 ნოემბერს ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.
სწორედ ამის გათვალისწინებით, ქართული ოპოზიციური კოალიციები მათ უზიარებენ თავიანთ პოზიციას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ „26 ოქტომბრის არჩევნებმა გადაულახავი დაბრკოლება შექმნა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრების კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებში ასახულ ფუნდამენტურ პრინციპებს”.
აქედან გამომდინარე, ოპოზიციური პარტიები სთხოვენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ გადაგან შემდეგი ნაბიჯები:
1. მოხდეს ევროკავშირის ხელმძღვანელობით შეფასების/ფაქტების დამდგენი მისიის ინიციირება 2024 წლის არჩევნებში გარე და შიდა ჩარევის შესაფასებლად მომდევნო 30 დღის განმავლობაში. კერძოდ, კოალიციების განცხადებით, მოხდეს 2024 წლის არჩევნების ყოვლისმომცველი საერთაშორისო შეფასების ინიციირება „ევროკავშირის არჩევნების შემდგომი მისიის (EFM) მეშვეობით, რომელიც მუშაობს OSCE/ODIHR-თან კოორდინირებულად, რათა მან ჩაატაროს ყოვლისმომცველი საარჩევნო გაყალბების გამოძიება და შეაფასოს საარჩევნო ინსტიტუტების მთლიანობა.
2. ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო შეფასებამდე არ მოიწვიოს 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის სხდომა. განმარტეთ, რომ ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, თუ მოწვეული იქნება მაშინ, როცა არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ იქნება აღიარებული თავისუფლად და სამართლიანად. ეს მოწოდება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლს პარლამენტის ლეგიტიმურობის შესახებ.
3. ევროკავშირმა გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია იმის გამო, თუ როგორ ჩაატარა მთავრობამ საპარლამენტო არჩევნები.
4. შეჩერდეს ევროკავშირის დონეზე არსებული ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ მთავრობასთან, მათ შორის:
- გაუქმდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება;
- შეჩერდეს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი;
- გაიყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები, სანამ ისინი არ დათანხმდებიან საერთაშორისო გამოძიებას.
5. შეჩერდეს საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარება (დაახლოებით €120 წელიწადში) მანამ, სანამ გამოძიების შედეგები არ გახდება ცნობილი.
ამის სანაცვლოდ ოპოზიციური კოალიციები ევროკავშირს სთავაზობენ, დახმარების სახსრები გაუნაწილონ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას – ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმები; ზეწოლის ქვეშ მყოფი დამოუკიდებელი მედიისთვის შეიქმნას საგანგებო ფონდი დემოკრატიული მდგრადობისა და საარჩევნო მთლიანობის ხელშემწყობი პროგრამების მხარდაჭერისთვის.
„მთლიანობაში, ჩვენი მოთხოვნა ცალსახაა: ხელახალი არჩევნები 2025 წელს გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს პირობებში, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციით და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით.
ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის შესაძლო დაუყოვნებელი რეაქცია – არჩევნების საერთაშორისო შეფასების მკაფიო მოწოდება და ევროკავშირთან დაკავშირებული ყოველგვარი მთავრობათაშორისი ურთიერთქმედების შეჩერება კარგი გზა იქნება საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერად”. – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველო” და „გახარია საქართველოსთის”.