ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, არ დატოვონ უყურადღებოდ 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
საუბარია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტზე.
შარაბიძის შეფასებით, სოციალურ მედიაში მიმდინარე ბულინგის კამპანია, პირად სივრცეში შეჭრის მცდელობა და აქციები საცხოვრებელ სახლთან დიდი ხანია გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილიზებულ ფორმებს და ეთიკის საზღვრებს.
მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორები უყურადღებოდ არ დატოვებენ მომხდარს და ამასთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს ასახავენ საბოლოო ანგარიშებში და „არ დაუშვებენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობაში ჩარევის იმგვარი სტანდარტის შექმნის მცდელობას, როგორსაც ახლა ვხედავთ საქართველოში“.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავად იყო ინიციატორი, რომ ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით დადგენილიყო ჭეშმარიტება და სწორედ ამიტომ მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით.
თუმცა, როგორც ჩანს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც მათივე გაჟღერებულ ბრალდებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ფაქტებით ვერ ადასტურებენ, პერსონალური თავდასხმებით და დისკრედიტაციული კამპანიებით და შეურაცხმყოფელი ქმედებებით ცდილობენ საზოგადოებაში მათთვის სასურველი აღქმების შექმნას, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მიუხედავად გარკვეული წუხილებისა, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა თავიანთ წინასწარ ანგარიშებში თუ შეფასებებში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და მის მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასეს კარგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები უყურადღებოდ არ დატოვებენ მომხდარს, ამასთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს ასახავენ საბოლოო ანგარიშებში და არ დაუშვებენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობაში ჩარევის იმგვარი სტანდარტის შექმნის მცდელობას, როგორსაც ახლა ვხედავთ საქართველოში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვადასხვა ჩართული მხარის მიერ ეს შესაძლოა იყოს აღქმული როგორც დასაშვები ქმედება, რაც თავის მხრივ ნეგატიურ, საზიანო და ხანგრძლივ გავლენას იქონიებს საარჩევნო კომისიების დამოუკიდებლობასა და ფუნქციონირებაზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესზე.
სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, შეაფასონ მომხდარი ფაქტი და ღიად განაცხადონ რამდენად ჯდება ის პროტესტის გამოხატვის საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებში. აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს, სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.
მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრატორების დამოუკიდებლობის დასაცავად და უსაფრთხო და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. საარჩევნო ადმინისტრაცია მტკიცედ რჩება თავის მისიაში, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, მიუხედავად დეზინფორმაციისა და ზეწოლის კუთხით არსებული გამოწვევებისა“, – განაცხადა შარაბიძემ.
16 ნოემბერს არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიღების დღეს, ცესკოში „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი საღებავი შეასხა.
კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ კირთაძე მანამდეც გამოირჩეოდა „პროვოკაციებით” და სამუდამოდ „ჩამოიკიდა ეს სახელი”.
„ის რაც დღეს ვნახეთ ჩვენ, ეს არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების, კიდევ ერთხელ, ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ და სამუდამოდ ჩამოიკიდა ის სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
მომხდარიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს-ს თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
118-ე მუხლის თანახმად: