პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა გეგმა, რომელიც გააცნო ოპოზიციურ პარტიებს, საერთაშორისო პარტნიორებს და რომელიც დღეს ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნებზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა, ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ, სისტემურ გაყალბების სქემებს; საარჩევნო საჩივრები სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს არ განუხილავს.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნებს არ აღიარებს არც ის, არც ოპოზიცია, არც საზოგადოების დიდი ნაწილი, ასევე არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, საქართველოს დემოკრატიული პარტნიორები.
„განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები. ამ სიტუაციიდან გამომდინარე ქვეყანა იმყოფება სერიოზულ მდგომარეობაში, ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები. ერთი ასეთი საფრთხეა დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას, რასაც ხელს უწყობს აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შეიძლება მოჰყვეს გარე დესტაბილიზაციაც. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო კავშირის ნაცვლად ირჩევს იზოლაციას. ამავე დროს ეკონომიკური კრიზისი, რომელიც კარზე გვიდგეს. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება, ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, თუმცა, მანამდე უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, მოხდეს საერთაშორისო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსის შეცვლა.
პრეზიდენტმა თქვა, რომ უნდა გაგრძელდეს 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობა და რადგან „არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს“ – არც პარლამენტი, არც მთავრობა, არ უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები.
„გეგმა, რას ვთავაზობ: პირველი ცხადია არის ახალი არჩევნები. არჩევნები როცა არ შედგა, აუცილებელია გამეორდეს არჩევნები იმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს ვადა დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას.
ერთია საერთაშორისო გამოძიება, არა იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან, რაც ყველამ ვიცით, რომ არ შედგა არჩევნები, არამედ იმისთვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს და რაც არის გამოსასწორებელი […]
უნდა შევძლოთ ახალი საერთაშორისო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება ეუთო/ოდირის რეკომენდაციით. დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით, ასევე საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა…. სასურველია, ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ უშუალოდ ჩართულნი;
მეორე პუნქტი – 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება. რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები… გავაგრძელოთ იმავე პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც იქნება ახალ არჩევნებამდე, იყოს მაქსიმალრუად სტაბილური, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის არ ვაგდებთ, არავის არ აქვს დევნის მომენტი, მაქსიმალურად უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყანა სტაბილური, სადაც საზოგადოების ნება არაა ასახული არჩევნებში.
საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამ გეგმაზე აუცილებელია და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. […]
ვინ რას აკეთებს ამ შემთხვევაში: საზოგადოებამ ცხადია უნდა გაგრძელოს მისი შეუგუებლობა და პროტესტი და მინდა მივესალმო ადამიანებს, რომლებიც ამ საღამოს არიან ქუჩაში, მინდა მივესალმო სტუდენტებს, ისინი ნებისმიერ ქვეყანაში არიან ის პროგრესის ძალა, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა თავის მომავლისკენ და მინდა გითხრათ, რომ თქვენი პროტესტის გარეშე ჩემი ძალისხმევა არაფერი არ იქნება, იმიტომ, რომ ეს აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ამ გეგმის. […]
პოლიტიკურ პარტიებს შევხვდი და ვხვდები კიდევ, ვაგრძელებ კონსულტაციებს მათთან, რომ გავაგებინო, ამ გეგმაში მათი მონაწილეობა აუცილებელია და მგონი, ეს კარგად ესმით, რომ სხვა ვარიანტები არ არსებობს და უნდა ვიყოთ ამაში ერთიანი თუ არა, ყოველ შემთხვევაში შემჭიდროვებულები.
საერთაშორისო პარტნიორებთან პრაქტიკულად ყოველდღიურად სხვადასხვა ლიდერთან მაქვს ამ თემებზე საუბარი. მათი მხრიდან არის ძალიან დიდი მოლოდინი, იმის, რომ მხოლოდ ის კი არ ვუთხრათ, რომ გაყალბდა არჩევნები, რაც საკმაოდ კარგად ესმის, არამედ როცა გაყალბდა არჩევნები მოთხოვნა საერთაშორისო თანამეგობრობის ყოველთვის არის მოიძიოს რაღაც გზა, რომლითაც გადაწყდეს კრიზისი ქვეყანაში. არავის არ აქვს სურვილი, რომ ახალი კრიზისი დაიწყოს, ამდენად, მე მგონი რომ ასეთი გეგმა მათთვისაც და რაც გავიგე პირველივე საუბრებიდან, ეს გეგმა მათთვისაც მისაღებია.
და ბოლოს, „ქართული ოცნება“ – მე ვურჩევდი მათ, რომ დაფიქრდნენ კარგად, ამ რაღაც თამაშს, რომ მე გავხსნი პარლამენტს ახალს, დავნიშნავ მთავრობას და რაღაც, ეს ყველაფერი არასერიოზულია, როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები. გარდა თუ შენ მართლა მიდიხარ სხვაგან. სტაბილურობა, კრიზისის გადაჭრა და იყოს გასული პარლამენტი, 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძის ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მივიდეთ მშვიდობიანად ახალ არჩევნებამდე. მე მგონი რომ უნდა დაფიქრდნენ და მე მინდა ეს დავუტოვო საფიქრელად“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.