მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიკავეს, მოქალაქეების ნაწილი მელიქიშვილის გამზირზე რჩება. პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს.
„მთავარი არხის” ცნობით, დაკავებულებს შორის არის მათი ოპერატორიც. ამასთან, როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძე წერს, დაკავებულია მათი ოთხი წარმომადგენელიც.
პოლიციამ ადგილზე შეკრებილებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა და რამდენიმე წუთში მათი მიმართულებით დაიძრა – ისინი ადგილზე მყოფ მოქალაქეებს რამდენჯერმე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სავარაუდოდ, გაუშვეს წიწაკის სპრეიც. აქციის რამდენიმე მონაწილე სასწრაფოს დახმარებას ითხოვდა.
როგორც ოპოზიციის ლიდერები აღნიშნავენ, პროტესტი არ ჩერდება და ამ ეტაპზე ის გადაიზრდება „მობილურ პროტესტში”.