ხატია დეკანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა

პუბლიკა

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, მან გამოკითხვაზე ისაუბრა იმ დარღვევებზე, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მისი თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებული  გამოძიება „სანდო არ არის“.

„რადგან ეს არის დახურული სხდომა, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა იმ დარღვევასთან დაკავშირებით, რაც საჯარო სივრცეში და ასევე, რაც ჩემს სოციალურ გვერდზე არსებობს, პროკურორს და გამომძიებელს განვუმარტე.

ამასთან, ინფორმაცია მივაწოდე მოსამართლეს, რომ ეს არის საჯარო სივრცეში ატვირთული დარღვევები. ისინი გულისხმობს ფარულობის დარღვევას, არაიდენტიფიცირებული პირების არსებობას საარჩევნო უბანთან დაკავშირებით და ა.შ. მეტ დეტალებში ვეღარ შევალ.

ჩემთვის, ეს სანდო პროცესი არ არის. ათასობით ვიდეომტკიცებულება არსებობს სხვადასხვა პორტალზე. რა თქმა უნდა, ამ ფაქტების გამოძიება მათი პრეროგატივა და ზოგადად, შედეგზე ორიენტირებული არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, პროცესი, რომელიც იმიტომ დაიწყეს, რომ [თქვან] აი, რაღაცას ვაკეთებთო. მე კი არ უნდა დამკითხონ, არამედ ცესკოს წარმომადგენლები და ის ადამიანები უნდა დაკითხონ, რომლების ძალიან მძიმე და სერიოზულ სქემაში არიან ეჭვმიტანილები“, – განაცხადა დეკანოიძემ.


პროკურატურის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები – მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე, თენგიზ თევზაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ასევე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ სპიკერი ლონდა თოლორაია.

გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უწყებაში მისვლაზე უარი თქვა და ბრიფინგზე საზოგადოების წინაშე საარჩევნო დარღვევების და შესაძლო გაყალბების მტკიცებულებების საჯარო პრეზენტაცია მოაწყო.