სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ აქციის მიმდინარეობისას ვარაზისხევში ადამიანების ის რაოდენობა არ იყო, რომელივ საკმარისია გზის გადასაკეტად. მან მედიის კითხვებს უპასუხა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიციდან, სადაც მოსახლეობას შეხვდა. ჟურნალისტებმა ომბუდსმენს ჰკითხეს, რატომ არ იმყოფებოდა სახალხო დამცველი აქციის დაშლის დროს მელიქიშვილის გამზირზე.
„სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ ესწრებიან უშუალოდ ღონისძიებას. იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვნად, ადეკვატურად შევაფასოთ აქციაზე არსებული ვითარება, ამას სჭირდება სრული სურათი. აქციაზე ყოფნა ამ სრულ სურათს ვერ უზრუნველყოს. იმიტომ რომ იქ მხოლოდ ხედავ ერთ კონკრეტულ სივრცეს, ერთი ადამიანი ვთქვათ. ამიტომ ჩვენი თანამშრომლები ამას უყურებენ სოციალურ ქსელის საშუალებით, ტელევიზიის საშუალებით. […] მაშინ როდესაც ადამიანები გამოხატავენ პროტესტს, მათ აქვთ უფლება მათ შორის თუ რაოდენობა არის შესაბამისი, გადაკეტონ გზა და გამოხატონ ეს პროტესტი. თუ ამ შემთხვევაში არ არის საკმარისი რაოდენობის ადამიანი, პოლიციას აქვს ლეგიტიმაცია რომ მოქალაქეები გაიყვანოს, გადაიყვანოს სავალ ნაწილში და გახსნას გზა. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, ორ ნაწილად ვყოფ ამას, ერთი შემთხვევა რომელიც იყო გზის გახსნა ვარაზისხევში, სადაც არ იმყოფებოდა ის რაოდენობა ადამიანების, რომლებიც საკმარისი იყო გზის გადასაკეტად და მეორე, როდესაც მელიქიშვილზე დაიწყეს ადამიანების დაკავება, სადაც განცხადებაც გავაკეთეთ, რომ პოლიციის მხრიდან იქნა გადამეტებული ძალა“, – თქვა ლევან იოსელიანმა.
რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და საქმიანობაში ხელშეშლას, ომბუდსმენი ამბობს, რომ „შესაბამისი რეაგირება მოახდინეს“. მისი თქმით, შეგროვებულ მასალას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნიან.
„მთავარი არხი იქნება, იმედი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მაუწყებელი, ან მედიის წარმომადგენელი, რომელიც ახორციელებს თავის პროფესიულ საქმიანობას, დაუშვებელია მის მიმართ ხელშეშლა, დაუშვებელია მის მიმართ ხელშეშლა ნებისმიერი პირის მიერ, ეს იქნება სახელმწიფოს წარმომადგენელი თუ ეს იქნება კერძო აქციის წარმომადგენელი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, კანონი იცავს მედიის თავისუფლებას, რომ დაუბრკოლებლად გააშუქოს და გაავრცელოს ინფორმაცია“, – თქვა იოსელიანმა.
მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია და სახელმწიფოს მხრიდან გამოხატულ ძალადობას უნდა მოჰყვეს მკაცრი და დროული რეაგირება, რომ ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს, ხოლო ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური დამოკიდებულება.