შსს: 15-წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ გაიხსნება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, შსს კანონის მიხედვით იმოქმედებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გახსნან ტრანსპორტის სავალი ნაწილი ჭავჭავაძის გამზირზე.

შსს განმარტავს, რომ 15 წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ გაიხსნება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და მიიღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

 „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა.

ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.

აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ გაათავისუფლონ გზა და შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15 წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, 15 წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ გაიხსნება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და მიიღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ზომების მიღება უნდა დაიწყოთ 15 წუთში“ – პოლიციის წარმომადგენლები ცოტახნის წინ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ და განუმარტეს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა მისცეს დასაშლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააფრთხილეს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ სავალი გზის გასათავისუფლებლად.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან გიორგი ვაშაძესა და პოლიციას შორის საუბრისას ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას. ვაშაძე მათგან 40 წუთის ვადას ითხოვდა, რაზეც პოლიციამ უარი უთხრა.

„მე ვთხოვე 40 წუთი და პასუხს ვერ გვცემენ. 40 წუთი არის გონივრული ვადა. მე ჩემი პოზიცია ჩამოვუყალიბე მათ, მათ პასუხი არ აქვთ”, – განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ოპოზიციის ლიდერებმა ადგილზე შეკრებილებს მელიქიშვილის გამზირისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.