რა ხდება, როცა პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციოში - საიას განმარტება

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განმარტავს, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ახალარჩეული პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

ორგანიზაცია წერს, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება, სულ მცირე, 76 დეპუტატი. სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტში იქმნება დროებითი სამანდატო კომისია. მას ცესკოს თავმჯდომარე პირველივე სხდომაზე გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

„დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტებს და შედეგებს ასახავს დადგენილების პროექტში, სადაც უნდა აისახოს არჩეული დეპუტატების სახელები უფლებამოსილების ცნობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ“, – განმარტავს საია.

19 ნოემბერს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების­ არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა პარლამენტის 30-მა წევრმაც.

„შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150 წევრის არჩევის კანონიერება. დროებითმა სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს არც ერთი არჩეული წევრის სახელი და გვარი შესაბამის დადგენილებაში. ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეძლებს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, რაც გამოიწვევს პარლამენტის პირველი სხდომის შეწყვეტას. როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, ცესკოს თავმჯდომარე ამ მოვლენის დადგომიდან 10 დღის განმავლობაში მოიწვევს პარლამენტის სხდომას.

ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – აცხადებს საია.