პრეზიდენტმა ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა - ადმინისტრაცია

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

„ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისა და წინასაარჩევნო  პერიოდში გამოვლენილი უმძიმესი და სისტემური დარღვევების შესახებ ისაუბრა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვისა და ხმის მიცემის საყოველთაობა“, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პრეზიდენტმა აღინიშნა,  რომ ამ დროისთვის არჩევნები არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი და დასავლელ პარტნიორებს არ უცნიათ პარლამენტის ლეგიტიმურობა.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთის მიერ ქვეყანაში წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე. პრეზიდენტმა სტუმარს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მის მიერ შემუშავებული გეგმის შესახებ ესაუბრა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებას და გაძლიერებას და ასევე, სამართლებრივი ბრძოლის მეთოდების გამოყენებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნისათვის ევროპული გზის უალტერნატივობასა და ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხის ურყევ მისწრაფებას.