რეზოლუციის ერთ-ერთ პროექტში ივანიშვილის, კობახიძისა და კალაძის სანქცირებაა მოთხოვნილი

პუბლიკა

ევროპარლამენტში მოქმედი პოლიტიკური ჯგუფის „განაახლე ევროპის” რეზოლუციის პროექტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, განიხილოს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის მიმართ. 18 ნოემბერს საქართველოს შესახებ განხილვის შემდეგ ევროპარლამენტში რეზოლუციაზე კენჭისყრა 25-28 ნოემბრის კვირაში შედგება. ეს წარსადგენი რეზოლუციების ერთ-ერთი პროექტია.

მოცემული რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტარი:

  1. გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას, რომლებიც გამოვლინდა საქართველოს ბოლო არჩევნების დროს და მოუწოდებს, დამოუკიდებელად, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა;
  2. საქართველოს პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს ჩაერთონ ინკლუზიურ დიალოგში, რათა გადალახონ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ახალ არჩევნებს გაუწიონ ორგანიზება;
  3. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ აჩვენოს ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულება – დაიწყოს საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით; ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო კეთილსინდისიერების დარღვევა შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ არსებულ მოლოდინებთან;
  4. სოლიდარობას გამოხატავს მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც იბრძვიან მათი დემოკრატიული უფლებებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის; იმეორებს მხარდაჭერას მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ; კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ურყევ მხარდაჭერას ყველას მიმართ, ვინც იცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და მუშაობს თანასწორობასა და ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებული მშვიდობიანი საზოგადოებისთვის;
  5. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ მისი ვალდებულება, მოუწოდებს მათ მიიღონ და განახორციელონ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრების მიზანთან შესაბამისი რეფორმები, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მოითხოვს; აფასებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას, რომ ქვეყანა დააბრუნოს დემოკრატიისა და ევროპული განვითარების გზაზე;
  6. იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ, რომ შეაჩერონ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ლგბტქ თემზე თავდასხმები და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ქვეყანაში ხელსაყრელი გარემო უზრუნველყონ; მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, სრულად დაუჭირონ მხარი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ამ რთულ პერიოდში;
  7. იმეორებს, რომ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების” უმრავლესობის მიერ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახე” კანონების მიღებას; კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამ კანონმდებლობების დაუყოვნებლივ გაწვევისკენ;
  8. მოუწოდებს, რომ საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსება გაიყინოს სანამ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები არ იქნება შესაბამისად განხილული და ბოლო დროს მიღებული ფორმალურად ლიბერალური კანონები არ იქნება გაწვეული, ნებისმიერი სამომავლო დაფინანსების განაწილების შესახებ მკაცრი პირობები უნდა დაწესდეს; იმეორებს მოწოდებას კომისიის მიმართ, რომ შეაფასოს საქართველოს „უცხოური აგენტებისა” და „ოჯახური ღირებულებების” კანონების გავლენა ქვეყნის მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმთან მიმართებაში, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის არსებითი კომპონენტია;
  9. მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუწესოს სანქციები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასა და საარჩევნო პროცესის დარღვევაზე; ამ კონტექსტში, მოუწოდებს საბჭოს, განიხილოს პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძისა და თბილისის მერის, „ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიმართ, საქართველოს დემოკრატიის მკვეთრ გაუარესებაში მათი როლის გამო;
  10. გმობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანის ვიზიტს საქართველოში, რაც ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკის ძირის გამოთხრის კიდევ ერთი მცდელობაა.

21 ნოემბრის მდგომარეობით „განაახლე ევროპის” რეზოლუციის სამუშაო ვერსია 10-პუნქტიანია.