სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში კარვები გაშალეს და როგორც ამბობენ, აპირებენ, ღამე იქ გაათენონ – ისინი რექტორ ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დავით სეხნიაშვილი „პუბლიკას” ეუბნება, რომ „ეს იქნება ადგილი, სადაც გაიმართება საჯარო ლექციები და სხვა აქტივობები, რომლებსაც სტუდენტები დაგეგმავენ”.
„ჩვენი პროტესტის მთავარი მიზანია, რომ გაყალბებული არჩევნები დავიბრუნოთ. ხოლო თსუ-ს სტუდენტების მოთხოვნაა, გადადგეს ჯაბა სამუშია, რომელმაც 19 ნოემბრის დილით სპეციალური დანაყოფების რაზმი პირველი და მეორე კორპუსის ეზოში შეუშვა და რომელმაც დაგვარბია. ამ უნივერსიტეტს არ უნდა ყავდეს რექტორი, რომელიც თავის სტუდენტებს არ იცავს და პირიქით, მათზე ძალადობას ახალისებს”. – თქვა დავით სეხნიაშვილმა.
თსუ-ს სხვა სტუდენტი, ლიზი ბერინაშვილი ამბობს, რომ შენობაში „დაიწყო უცხო პირების მობილიზება”. სხვა დეტალი უცნობია.
19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.
დააკავეს 16 ადამიანი. 15 მათგანს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ერთს – მათე დევიძეს კი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს – „პოლიციელზე თავდასხმას და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანების მიყენებას”.
დილით, თსუ-ის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის დაშლის დაწყებამდე საპოლიციო ძალების ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში შევიდა. არსებობს ამის ამსახველი ვიდეომასალა.
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, თსუ-ს პირველ და მეორე კორპუსებს შორის არსებული შესასვლელი ჭიშკარი ბოლო დღეებში დაკეტილი იყო.
საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 17 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე დაიწყო. დემონსტრანტებმა ადგილზე თავდაპირველად სამი დიდი ზომის კარავი გაშალეს, შუაღამით კი 20-მდე მცირე ზომის კარავი დაამატეს.
გადაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა.
დემონსტრანტები 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბებას აპროტესტებენ და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.