კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც საგარეჯოში ყოფილმა ქმარმა სცემა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
ქალი დაზიანებებით კლინიკაში იყო მოთავსებული. ის დღეს, 21 ნოემბერს გარდაიცვალა.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო – 11 პრიმა 109-ე (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 11 პრიმა 381 (შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა).
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამ, რომელშიც ნათქვამია, რომ საგარეჯოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდებას დაუმძიმებენ.
უწყება ამბობს, რომ კაცმა ქალს დაზიანებები არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა) და იმავე კოდექსის 19, 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“, „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.