„ჩვენ არ შევეგუებით ავტორიტარული რეჟიმის მიერ ამ ქვეყნის მიტაცებას“ - ლექტორ-მასწავლებლების მარში

პუბლიკა

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთობლივ საპროტესტო მარშს მართავენ.

მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ლიგამუსი) დაიწყო.

„26 ოქტომბრის არალეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს მძლავრი და მჩაგვრელი ავტორიტარული რეჟიმი. რეჟიმის გაცხადებული მიზანია იერიში მიიტანოს აკადემიურ თავისუფლებაზე და აბსოლუტური კონტროლი დაამყაროს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეებზე.

ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოლო დროს განახორციელა (უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა თუ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონები, მათი ასახვა სხვადასხვა მარეგულირებელ დოკუმენტებში, მათ შორის, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში), „სუვერენიტეტისა” და „ტრადიციების” დაცვის სახელით, ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

ეს კანონები ზუსტად იმეორებს რუსეთისა და უნგრეთის მაგალითებს, სადაც მსგავსმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დამანგრეველი შედეგი უკვე გამოიღო. ამ ქვეყნების საგანმანათლებლო სივრცეებიდან განიდევნა კრიტიკულად მოაზროვნე სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები, ბოლო მოუღო უნივერსიტეტების ავტონომიას და გაურკვეველი ვადით შეაჩერა ამ ქვეყნების დემოკრატიული განვითარება.

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ვითვალისწინებთ რა აღნიშნულ გამოცდილებებს, არ დავუშვებთ იგივე განმეორდეს საქართველოში. ჩვენ, საკმარისად ბევრი ვიბრძოლეთ და ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეგვექმნა აკადემიური თავისუფლების, სწავლისა და კვლევის ისეთი სივრცეები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას წაადგებოდა. შესაბამისად, ჩვენ არ შევეგუებით ამ ქვეყნისა და მისი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ავტორიტარული რეჟიმის მიერ მიტაცებას.

ამასთან ერთად, ჩვენ არ დავუშვებთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების ომარ ოკრიბელაშვილის, საბა მეფარიშვილის, მათე დევიძის, ისაკო დევიძის, დავით წოწორიას თავისუფლების აღკვეთას, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების აღკვეთასთან შეგუებას ნიშნავს.

ამიტომ ჩვენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები ჩვენს სტუდენტებთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ მათ დასაცავად და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“,- აცხადებენ საპროტეტსო მარშის ორგანიზატორები.

თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი, მათ შორის დაანონსებულია 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება, პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა, სადაც გაშლიან კარვებს და პროტესტის მონაწილეები ღამეს გაათევენ.

15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ორგანიზებული მარში.

17:00 საათზე, გაიმართება პროფესორ-მასწავლებლების მარში ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტამდე.

17:00 საათზე, გაიმართება სახელოვნებო პროტესტი, მონაწილეები რუსთაველის მეტროდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას.

21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან.