პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედიის პარლამენტში არშეშვებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ეს ზომები არის იმისთვის, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს სხდომა“.
„ეს ზომები არის იმისთვის, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს სხდომა, მათ შორის მედიასაც ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ იმუშაოთ შეფერხების გარეშე.
2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ ალბათ, ვინც აქ იყავით, მაშინ ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან. ასე რომ, ვფიქრობ, კარგი ფორმატი არის იმისთვის, რომ გვქონდეს სამუშაო გარემო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ონლაინმედიას დღეს, 25 ნოემბერს პარლამენტში კვლავ არ უშვებენ.
როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განმარტებით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.“