XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო

პუბლიკა

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში რეგისტრაცია „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატმა გაიარა, უფლებამოსილების ცნობას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ცნობით, „ოცნების“ დეპუტატი გივი ჭიჭინაძე იყო ის ადამიანი, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უფლებამოსილების ცნობას მხარი ვერ დაუჭირა.

უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

სხდომა XI მოწვევის პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა.

პარტიებს შორის მას მხოლოდ „ქართული ოცნება“ ესწრება, დარბაზშია ბიძინა ივანიშვილი.

სხდომას ესწრებიან მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ცოტნე ყაველაშვილი.

სხდომაზე არ არიან საქართველოში მომუშავე დიპლომატები.

კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ამის მიუხედავად, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს XI მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა.

კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა. ამას არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლი.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი და ოპოზიციონერი დეპუტატები ასაჩივრებენ.

კონსტიტუციონალისტების შეფასებით, თუ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტი კენჭს უყრის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას, ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.