ბრიტანეთის საელჩო: კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებზე

პუბლიკა

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში გამართულ პირველ სხდომას თვალს ადევნებდნენ. გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით და გაჟღერებულია მოწოდება მთავრობის მიმართ, განახორციელოს ოდირის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები.

„დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

XI მოწვევის პარლამენტმა დღეს 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

ამას არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლი.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი და ოპოზიციონერი დეპუტატები ასაჩივრებენ.

კონსტიტუციონალისტების შეფასებით, თუ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტი კენჭს უყრის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას, ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.