„ქართული ოცნების“ პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დანიშნა. ინაუგურაციის ჩატარების თარიღად 29 დეკემბერი განისაზღვრა.
პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი არჩევნების გზით აღარ ჩატარდება.
მომავალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით აირჩევს საარჩევნო კოლეგია. არჩევნები პარლამენტის შენობაში ჩატარდება.
„კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევა ხდება 5 წლის ვადით. როგორც გახსოვთ, 2017 წელს შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტს ახლა უკვე აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია. მაშინვე გარდამავალ დებულებებში აღინიშნა, რომ 2018 წლის არჩევნებში პრეზიდენტი ავირჩიეთ 6 წლის ვადით. მიზეზი იყო 2024 წლის საპარლამეტნო არჩევნები და ჩანაფიქრი იყო, რომ ახალარჩეული პარლამენტით დაკომპლექტებულიყო კოლეგიის ნაწილი. მოქმედმა პრეზიდენტმა ფიცი დადო 2018 წლის 16 დეკემბერს, ეწურება ვადა 16 დეკემბერს. ამას გარდა, კონსტიტუციით, იმ შემთხვევაში, როცა პრეზიდენტის არჩევნები ემთხვევა საპარლამენტო არჩევნებს, მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები. უნდა ავირჩიოთ 5 წლით პრეზიდენტი და მნიშვნელოვანია, რომ როგორც არჩევნები, ასევე ინაუგურაცია მოხდეს 2024 წელს, რომ ახალარჩეულ პრეზიდენტს ჰოქნდეს 5-წლიანი ვადა. სხვა შემთხვევაში, თუ გადავიდოდა არჩევნები 2025 წელს, შემდეგი არჩევნები მოუწევდა 2030 წლის ოქტომბერში და იქნებოდა 6 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კანონმდებლობით, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.
საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.
„ამ 300 წევრიდან 150 გახლავთ პარლამენტის წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა – 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა – 20 წევრი, დარჩენილი 109 წევრი დაკომპლექტდება საკრებულოების წევრებისგან იმ პროპორციულობით, რომელიც დადგა 2021 წლის არჩევნების შედეგად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კანონმდებლობით, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.
კანდიდატი პრეზიდენტად არჩეულად ჩაითვლება, თუ მოაგროვებს კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერას. სხვა შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური.
შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ მეორე ტური გახდება საჭირო, ის იმავე დღეს ჩატარდება.
კანონის მიხედვით, არჩევნები დილის 09:00-ზე იწყება და მაქსიმუმ 14:00-ზე სრულდება. პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
არჩევნების ჩატარებას უზრუნველყობს პარლამენტი ცესკოს მეშვეობით.
25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება” პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა;
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში გამართულ სხდომას არ დასწრებია.
კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.